სურბ სარგისის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის „სურბ გევორგ“ ტაძარში წინასადღესასწაულო ცერემონია გაიმართება 

11:02, 29.01.2021

სომხეთის პატრიარქის, გარეგინ მეორის კურთხევით, სურბ სარგის მხედართმთავრის დღე ახალგაზრდების კურთხევის დღედ გამოცხადდა.

2021 წლის 29 იანვარს, 15:00 საათზე, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ინიციატივით, გაიმართება მომლოცველობა თბილისის ხარფუხის „სურბ სარგის“ სამლოცველოსკენ. მომლოცველთა მსვლელობა დაიწყება ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოდან, შემდეგ კი გაემართება „სურბ სარგის“ სამლოცველოსკენ. სანთლების დანთების და ლოცვის შემდეგ, მომლოცველთა მსვლელობა გაემართება მეიდნის „სურბ გევორგ“ მთავარი საკათედრო ტაძრისკენ.

17:00 საათზე „სურბ გევორგ“ ტაძარში გაიმართება „სურბ სარგის“ წინასადღესასწაულო ცერემონია, ჩატარდება ახალგაზრდების კურთხევის წესი და დარიგდება მარილიანი კვერები.

30 იანვარს, 11:00 საათზე, „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში აღევლინება სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის მარტიროსის და 14 ჯარისკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღმრთო ლიტურგია.

სურბ სარგის მხედართმთავარი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წმინდანია. მის ვაჟთან, მარტიროსთან და 14 ჯარისკაცთან ერთად იგი აწამეს ქრისტიანული რწმენისათვის.

დღესასწაულის დღეს სურბ სარგისის სახელობის ეკლესიებში საღმრთო ლიტურგია აღევლინება, რის შემდეგაც სრულდება ახალგაზრდების კურთხევის წესი.

სურბ სარგისის დღესასწაული სომხეთში აღინიშნება არა მხოლოდ ლოცვით, არამედ ხალხური ტრადიციებითაც.

სურბ სარგისის დღესასწაულს წინ უსწრებს წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მიერ დაწესებული „არაჯავორაც“ მარხვა.

დღესასწაულის წინა ღამეს ახალგაზრდები მიირთმევენ მარილიან კვერს, რასაც უკავშირებენ მათი სასიძოს ან საპატარძლოს დასიზმრებას. ამ დღის ერთ-ერთი წეს-ჩვეულებაა სახურავზე ან აივანზე ფოხინდის (მოხალული პურის ფქვილის) ლანგრის დადება, რომ სურბ სარგისმა ჩაიქროლოს ცხენით და ვის ლანგარზეც დატოვებს კვალს, იმ მორწმუნეს ამ წელს აუხდება სანუკვარი ოცნება.

 

მსგავსი