საქართველოს სუპერთასის ჩატარების დრო და ადგილი ცნობილია, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2021 წლის სუპერთასის ჩატარების დრო და ადგილი ცნობილია. საქართველოს სუპერთასის შეხვედრას 21 თებერვალს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. 2021 წლის სეზონის პირველი მატჩი 18:00 საათზე დაიწყება“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.
როგორც ცნობილია, სუპერთასისთვის ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი, „დინამო თბილისი“ დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელს, „გაგრას“ შეხვდება. Covid 19-ის პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წლის საქართველოს სუპერთასის მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება.
„დინამო“ სუპერთასისთვის მე-11-ედ იბრძოლებს. წინა ათი მცდელობიდან 7-ჯერ გამარჯვებული გახდა, ხოლო 3-ჯერ დამარცხდა. რაც შეეხება „გაგრას“, გუნდმა ტიტულის მოპოვება პირველად 2011 წელს სცადა და დამარცხდა.