სუპერლიგის ახალი სეზონი 17 ოქტომბერს გაიხსნება #1TVSPORT
სუპერლიგის ახალი სეზონი 17 ოქტომბერს გაიხსნება #1TVSPORT

17 ოქტომბერს საქართველოს საიუბილეო, 30-ე ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყება. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, 1991 წლიდან ტარდება საქართველოს ეროვნული პირველობა. 2007 წლიდან საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას სუპერლიგა დაერქვა, რომელმაც უფრო ორგანიზებული სახე მიიღო.

მიმდინარე სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნა, რომელიც 5-10 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა. მასში მონაწილეობა მომავალი სუპერლიგის 9 გუნდმა მიიღო. მემორიალური ტურნირი გუნდებისთვის კარგი საშუალებაა სუპერლიგის წინ სათამაშო პრაქტიკა მიიღონ და ახალდაკომპლექტებულ შემადგენლობას შეთამაშების საშუალება მისცენ.

სუპერლიგის მომავალ გათამაშებაში მონაწილეობას 11 გუნდი მიიღებს: „ბათუმი“, „დინამო“, „რუსთავი“, „ქუთაისი-2010“, „კაკტუსი“, „ცხუმ-აფხაზეთი“, თსუ, „ოლიმპი“, „ტიტები“, „ვერა“ და „მეგა“. ეს უკანასკნელი სუპერლიგის დებიუტანტია, რომელმაც გასულ ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გასული და „ა“ ლიგაში დაქვეითებული „მგზავრები“ ჩაანაცვლა.

ორი წრის შემდეგ 8 საუკეთესო პლეი ოფში გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან განაგრძობს. რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ ბოლო ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგას დატოვებს, ხოლო ბოლოსწინა, მე-10 გასული „ა“ ლიგის ვიცე-ჩემპიონთან ლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო რაუნდს გამართავს.

კოვიდ-უსაფრთხოების მიზნით სუპერლიგის თამაშები ჩატარდება მაყურებლების გარეშე.

gbf.ge