პაატა გურასპაული - განვითარების ლიგა კარგი შანსია როგორც ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის, ასევე მწვრთნელებისთვის
პაატა გურასპაული - განვითარების ლიგა კარგი შანსია როგორც ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის, ასევე მწვრთნელებისთვის

17 აგვისტოდან სტარტს აიღებს მოთამაშეთა განვითარების ლიგა, რომლის დრაფტიც 13 აგვისტოს გაიმართა.

სუპერლიგის მონაწილე 11-მა კლუბმა სასურველი ახალგაზრდა კალათბურთელები სწორედ დრაფტზე აირჩია და მათ შესაძლებლობებს განვითარების ლიგაზე გაეცნობა.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ოლიმპიურ სასახლეში მედიასთან შეხვედრაზე ილაპარაკა.

„მსგავს საკალათბურთო პროექტს არაერთი ევროპული ქვეყანა ახორციელებს. ანალოგიური იდეის შემცველია ამერიკის საზაფხულო ლიგები. მოთამაშეთა განვითარების ლიგა კარგი შანსია როგორც ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის, ასევე კალათბურთელებისთვის, რომლებსაც მიეცემათ შანსი სრულად წარმოაჩინონ შესაძლებლობები, დააინტერესონ სუპერლიგის კლუბები და დაიმსახურონ მათგან კონტრაქტები.

სასიამოვნო ფაქტია, რომ ლიგაში ითამაშებენ საქართველოს ნაკრების წევრები და კონტრაქტიანი მოთამაშეებიც“, – განაცხადა პაატა გურასპაულმა.

შეგახსენებთ, რომ ლიგაში 11 გუნდი ორ ჯგუფადაა გაყოფილი. პლეი ოფში თითო ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გავა.