„ტორონტო რეპტორსმა“ სუპერფინალური სერიის პირველ შეხვედრაში, მოქმედი ჩემპიონი – „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ ანგარიშით 118:109 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა. „ეირ კანადა ცენტრში“ კანადურმა კლუბმა მეტოქეს თავიდანვე აგრესიული დაცვა და სწრაფი შეტევები დაუპირისპირა. მასპინძლები თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ. კავაი ლეონარდის წინააღმდეგ, „გოლდენ სტეიტმა“ პერსონალური დაცვა ითამაშა და გარკვეულ ეპიზოდებში „რეპტორსის“ ლიდერის განეიტრალებაც შესძლო, თუმცა „უორიორსის“ კალათბურთელებმა ვერაფერი მოუხერხეს პასკალ სიაკამს. კამერუნელმა ფორვარდმა საოცარი პროცენტული მაჩვენებელი დააფიქსირა. მან თამაშიდან 17-დან 14 ბურთი ჩააგდო. აფრიკელმა ჯამში 32 ქულა მოაგროვა, რასაც 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარებაც დაამატა.
შეხვედრის ბოლო წუთებიც, ტორონტოელების კარნახით მიმდინარეობდა. კარის და ტომპსონის არაერთ ზუსტ შეტევას კანადურმა გუნდმა მეთოდური და გააზრებული შეტევებით უპასუხა და მოწინააღმდეგეს თამაშის გადარჩენის შანსი აღარ მისცა. სიაკამის ბენეფისის გარდა, გამარჯვებულებს კავაი ლეონარდი დაეხმარა 23 ქულით. 20 ქულა მოიპოვა და საჭირო მომენტებში გამოიჩინა თავი მარკ გასოლმაც. სტუმართა შორის სტეფ კარი იყო საუკეთესო 34 ქულით. 21 ქულა დაფიქსირდა კლეი ტომპსონის ანგარიშზე. დრეიმონდ გრინმა ათიანებით (10 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი) სამმაგი დუბლი გაიფორმა.
აღსანიშნავია, რომ გრინის „ტრიპლ დაბლის“ შემთხვევაში, გოლდენ სტეიტმა მხოლოდ მეორე შეხვედრა წააგო კარიერაში. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, „უორიორსს“ დემარკუს კაზენსიც დაუბრუნდა, რომელსაც მხოლოდ 8 წუთი დაეთმო სათამაშო დრო.
სუპერფინალური სერიის მეორე მატჩი, 3 ივნისს, ისევ ტორონტოში გაიმართება.