სუპერბრძოლა კარდიფში ენტონი ჯოშუამ მოიგო
სუპერბრძოლა კარდიფში ენტონი ჯოშუამ მოიგო

უელსის დედაქალაქ კარდიფში 2018 წლის ერთ-ერთი მთავარი საკრივო ორთაბრძოლა გაიმართა – ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლაში ერთმანეთს ბრიტანელი ენტონი ჯოშუა და ზელანდიელი ჯოზეფ პარკერი ხვდებოდნენ.

ჯოშუა უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკოს დამარცხების შემდეგ, IBF-ის, WBA Super-ისა და IBO-ს ტიტულებს ფლობს. მას ექსპერტები დიდი ხნით სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ლიდერობას უწინასწარმეტყველებენ.

კარდიფის ბრძოლამდე, ენტონის პროფესიულ რინგზე 20-დან 20 მოგება ჰქონდა, თანაც, ყველა – ნოკაუტით. მანამდე კი მოყვარულთა დონეზე ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშები მოიგო მძიმე წონაში.

26 წლის პარკერი სუპერმძიმე წონაში WBO-ის ტიტულის მფლობელია. ისიც დაუმარცხებელი იყო პროფესიულ რინგზე – 24-დან 24 მოგება და მხოლოდ 18 ნოკაუტით.

კარდიფის Principality Stadium-ზე, სადაც შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩატარდა, სუპერბრძოლას 70 ათასი მაყურებელი დაესწრო.

შეხვედრამ მეტნაკლებად გაამართლა ფანების მოლოდინი. ბრძოლა არ ყოფილა გამორჩეული მომენტებით დატვირთული: ჯოშუამ პრესინგი აირჩია, პარკერი კი კონტრშეტევებზე მოქმედებდა და წინ იშვიათად მიდიოდა.
ბრიტანელმა ფრთხილად დაიწყო, ამასთან, პირველ ნომრად მუშაობდა და მეტოქე დისტანციაზე ჰყავდა, არ ძაბავდა სიტუაციას რინგზე და კარგ მომენტს ელოდა დასარტყმელად.

ბრძოლის შუაში პარკერმა კარგი გვერდითი დარტყმებით მოულოდნელად შეუტია და მოუგო კიდეც ჯოშუას მეხუთე და მეექვსე რაუნდები, მაგრამ საერთო ჯამში, ბრიტანელის უპირატესობა თვალშისაცემი იყო – ჯოშუამ რამდენჯერმე კარგად მოარტყა მიზანში და 12-დან ცხრა რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ენტონიმ კარიერაში პირველად ვერ შეძლო ნოკაუტით მოგება და მოუწია მსაჯების შეფასების ლოდინი. სამივე მსაჯმა მას გამარჯვება მიანიჭა – ორმა 118:110, ერთმა 119:109. ანგარიში არ ასახავს იმ წინააღმდეგობას, რომელიც პარკერმა მეტოქეს გაუწია, მაგრამ ჯოშუას მოგება ეჭვს არ იწვევდა.

ახლა, ენტონი ჯოშუას სუპერმძიმე წონით კატეგორიაში აბსოლუტური ჩემპიონობისთვის WBC-ის საჩემპიონო ქამარი სჭირდება, რომელსაც ამერიკელი დეონტეი უაილდერი ფლობს. სწორედ ამ ორი მოკრივის ორთაბრძოლას ელოდება მთელი საკრივო სამყარო და სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ გაირკვევა – ვინ გახდება ყველაზე პრესტიჟული წონითი კატეგორიის ახალი ლიდერი.