სუპერ თასი | ​„შავი ლომი“ „იბერიანსთან“ ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს #1TVSPORT
სუპერ თასი | ​„შავი ლომი“ „იბერიანსთან“ ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს #1TVSPORT

„შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალში, ესპანურ „იბერიანსთან“ ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს.

ძირითად შემადგენლობაში მყოფი თხუთმეტი მორაგბიდან ცამეტს, ბორჯღალოსნებში თამაშის გამოცდილება აქვს.

სამხრეთ აფრიკის ტურნირის დასრულების შემდეგ, გუნდს დაუბრუნდნენ ლაშა ხმალაძე, აკაკი ტაბუცაძე, მერაბ შარიქაძე, შალვა მამუკაშვილი და ნიკა ხატიაშვილი. ხუთივე მათგანი სასტარტო შემადგენლობაშია.

მომავალ შეხვედრაში ღერძს თენგიზ პერანიძე და გიორგი ბაბუნაშვილი წარმოადგენენ, ცენტრში მერაბ შარიქაძე დემე თაფლაძეს შეუწყვილდება, ფრთებზე სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე დადგებიან, ხოლო ფულბეკი ლაშა ხმალაძეა. „შავმა ლომმა“ ასეთი ხაზით 1ენისეის“ წინააღმდეგ ითამაშა. სანაკრებო თამაშების გამოცდილება აქვს მარქაფაში მყოფ ხაზის სამივე მორაგბეს – გიორგი ბეგაძე, ლაშა ლომიძე და მირიან მოდებაძე.

შერკინების პირველ ხაზში თამაშს კვაჭი შალვა მამუკაშვილი და ბურჯები – ნიკა აბულაძე და ნიკა ხატიაშვილი იწყებენ. მარქაფაში არიან თენგიზ ზამთარაძე, გოგა ქადარია და გიორგი პერტაია.

მეორე ხაზში გამოცდილი ბორჯღალოსნები, ნოდარ ჭეიშვილი და ლაშა ჯაიანი შეწყვილდებიან, შეცვლაზეა მიხეილ ბაბუნაშვილი. მესამე ხაზში ითამაშებენ ნიკო აფციაური, სანდრო მამამთავრიშვილი და ლუკა ივანიშვილი, რომლებიც ბორჯღალოსნებში ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ. თორნიკე აქუბარდია მარქაფაშია.

„შავი ლომისა“ და „იბერიანსის“ შეხვედრა 17 აპრილს, 18 საათზე „ავჭალაზე“ დაიწყება. კოვიდ-რეგულაციების მოხსნის შემდეგ, ქომაგს ტრიბუნების სრულად შევსების (3500 მაყურებელი) საშუალება აქვს.

ამ თამაშის გამარჯვებული სუპერ თასის ფინალში პორტუგალიურ „ლუზიტანუშსა“ და ისრაელის „თელავივ ჰითს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს ნახევარფინალური შეხვედრა ლისაბონში 16 აპრილს, ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება. მთავარი მსაჯი შოთა თევზაძეა. მას კიდეებიდან სულხან ჩიხლაძე და სოსო ჯაფარიძე დაეხმარებიან.

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი