სულხან თამაზაშვილი – მადლობა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეებს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას

16:17, 27.11.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ბათუმში თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებულ მოვლენებზე პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, სამართალდამცველებმა ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ რეალურად აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეებს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას. ჩვენი ამოცანა იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. ვთვლი, რომ ბიჭებმა ძალიან ღირსეულად გაართვეს თავი ამ ამოცანას და მინდა, მადლობა გადავუხადო. ამ ღონისძიებების ფარგლებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოთხმა თანამშრომელმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და ვუსურვებ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა თუ ეროვნებისა“.

მსგავსი