სულხან მახათაძე - 2012 წლამდე დაშინებული მაღაროელები ხმას ვერ იღებდნენ, ამ ადამიანებს დღეს მიეცათ თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობა
სულხან მახათაძე - 2012 წლამდე დაშინებული მაღაროელები ხმას ვერ იღებდნენ, ამ ადამიანებს დღეს მიეცათ თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობა

2012 წლამდე დაშინებული დაშანტაჟებული მაღაროელები ხმას ვერ იღებდნენ, ამ ადამიანებს დღეს მიეცათ თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობა, – ამის შესახებ დეპუტატმა, სულხან მახათაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მახათაძემ აღნიშნა, მისასალმებელია, რომ დღეს დებატების ფონზე მიმდინარეობს ჭიათურის თემის განხილვა.

„მე ვუსმენ ძალიან ბევრ სპეკულაციებს და ადამიანები, რომელიც უყურებდა მთელ ამ მიმდინარე მოვლენებს დღეს აქ გამოდიან და გულზე მჯიღის რტყმევით თითქოს ამ ხალხის ბედი დიდად ანაღვლებდათ, თუნდაც ამდენი წლების განმავლობაში. ბატონი რომანი ამბობს, რომ თაღლითობაზე საუბრობს და თაღლითობა იყო მაშინ, მინდა, ბატონებს ვკითხო, როდის შემოიყვანეთ ეს კომპანია ინვესტორი და რა ვალდებულებები გვქონდა თავის დროზე აღებული, რა ვალდებულებებით მოვიდა დღემდე. თაღლითობა იყო ის, რომ 2006 წელს გააკოტრეთ ჭიათურის მანგანუმი და 125 მილიონად გაყიდეთ თუ არ ვცდები ზესტაფონის „ფერო“ ჭიათურის „მანგანუმი“ და „ვარციხე ჰესი“, დღეს საუბრობთ ეკოლოგიაზე, სადაც თქვენ არანაირი ვალდებულება ამ კომპანიისთვის ამ პერიოდის განმავლობაში არ ჩაგიდიათ. რაც შეეხება მაღაროელების თემას, სად იყავით ბატონებო მაშინ, როდესაც 2012 წლამდე ხმას ვერ იღებდნენ დაშინებულები, დაშანტაჟებულები და ამ ადამიანებს დღეს მიეცათ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა“, – განაცხადა მახათაძემ.

მისივე თქმით, 2012 წლიდან დღემდე უამრავი გაფიცვები იყო ჭიათურაში და ბოლო პერიოდში ნათია თურნავა იყო ჩართული ამ პროცესებში.

„მთელმა ქალაქმა სოლიდარობა გამოხატა, მაგრამ გადაწყვეტილებაში მოგვეხმარა მთავრობა, ხელისუფლება და ქალბატონი ნათია. თქვენ აქ ზედაპირულად საუბრობთ მარტო, ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კომპანიასა და დასაქმებულებს შორის გაგვიჭირდა მოლაპარაკება და გარკვეულ კონსენსუსს ვერ მივაღწიეთ და ამიტომ გახდა მთავრობის ჩართულობა საჭირო. 2012 წლიდან დღემდე თუ კი ეს პროცესი უმართავი ხდებოდა ყოველთვის მთავრობის მხარდაჭერით და გვერდით დგომით იყო მიღწეული. მინდა ქალბატონო ნათია გითხრათ, მესმის, რომ შუალედური არჩევნები იყო 2019 წელს მერის და 2020 წლის არჩევნები მოდის და აქ დიდი ოვაციებით უნდათ, თითქოს ამ ქალაქის მიმართ დიდი გულშემატკივრობას გამოხატავენ ზოგიერთები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა ქალაქმა სოლიდარობის მაგალითი აჩვენა და ისიც ძალიან კარგად აჩვენა, რომ რეალურად პრობლემის გადაჭრის გზები სად არის და როგორ არის“, – განაცხადა მახათაძემ.