სუფრის მარილის კალიუმის მარილით ჩანაცვლებამ, შესაძლოა, ყოველწლიურად 3 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს
საილუსტრაციო ფოტო
„ევრონიუსის“ ცნობით, ჩვეულებრივი სუფრის მარილის კალიუმით გამდიდრებული ალტერნატივით ჩანაცვლებით, მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება. თუმცა, ეს გარკვეულ რისკსაც შეიცავს თირკმლების დაავადების მქონე ადამიანებისთვის, რომელთა სისხლშიც კალიუმის დონემ, შესაძლოა, სახიფათოდ მოიმატოს.
სიდნეიში დაფუძნებული ავსტრალიის გლობალური ჯანმრთელობის ჯორჯის ინსტიტუტის (George Institute for Global Health) მკვლევრებმა კვლევა 193 ქვეყანაში ჩაატარეს. მისი შედეგების თანახმად, კალიუმის შემცველ მარილზე გადასვლამ შესაძლოა, ყოველწლიურად თავიდან აგვაცილოს 2,96 მილიონი ადამიანის გარდაცვალების და გულ-სისხლძარღვთა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების 10,17 მილიონი ახალი შემთხვევა.
„ნატრიუმის ჭარბი მოხმარება და კალიუმის არასაკმარისი მიღება მაღალი არტერიული წნევის გამომწვევი ფაქტორებია. მაღალი წნევა კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის ინსულტის, ინფარქტისა და თირკმლების დაავადებების ჩამოყალიბების რისკს“, – განმარტა ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ბრიუს ნილმა.
ალტერნატიული მარილი, ნატრიუმის ქლორიდის ნაწილის სანაცვლოდ, კალიუმის ქლორიდს შეიცავს. ის გარეგნულად, გემოთი და კერძების მომზადებისას, ჩვეულებრივი მარილის ანალოგიურია, თუმცა, ამავდროულად, ამცირებს ნატრიუმის მოხმარებას და ორგანიზმში ზრდის კალიუმის რაოდენობას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 30-დან 79 წლამდე ასაკის დაახლოებით 1,4 მილიარდი ადამიანი ჰიპერტენზიით იტანჯება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობისა და უუნარობის მთავარ მიზეზად რჩება – 2023 წელს მათ 19,2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მარილის ნაწილობრივ ჩანაცვლებასაც კი მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება. კალიუმის მარილის მხოლოდ საოჯახო მოხმარებაში გამოყენებას ყოველწლიურად 1,85 მილიონი სიკვდილის და გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებების 6,19 მილიონი შემთხვევის თავიდან აცილება შეუძლია.
გადამუშავებულ საკვებსა და რესტორნებში მარილის ჩანაცვლებამ კი, შესაძლოა, დამატებით 1,56 მილიონი ადამიანი იხსნას და ზემოთ აღნიშნულ დაავადებათა 5,46 მილიონი შემთხვევა აგვაცილოს თავიდან.
ნილის თქმით, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მოხმარებული მარილის 70%-ზე მეტი გადამუშავებულ საკვებსა და რესტორნის კერძებზე მოდის, რაც ჩანაცვლების პროცესში კვების ინდუსტრიის როლს განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის.
კალიუმის მარილზე სრულ გადასვლას ჩინეთში ყოველწლიურად დაახლოებით 1,08 მილიონი, ხოლო ინდოეთში თითქმის 400 000 გარდაცვალების შემთხვევის თავიდან აცილება შეუძლია, გაერთიანებულ სამეფოში პოტენციური ეფექტი კი წელიწადში თითქმის 13 000 გადარჩენილი სიცოცხლე და გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებების დაახლოებით 60 000 თავიდან აცილებული შემთხვევა იქნება.
თუმცა, ამ მეთოდს გარკვეული რისკებიც ახლავს. თირკმლების პროგრესირებადი დაავადების მქონე ადამიანებს და პაციენტებს, რომლებიც კალიუმის დონის ამწევ გარკვეულ მედიკამენტებს იღებენ, შესაძლოა ჰიპერკალიემია – სისხლში კალიუმის სახიფათოდ მაღალი კონცენტრაცია – განუვითარდეთ.
„ამ ჯგუფისთვის რისკების ეფექტურად მართვა შესაძლებელია პაციენტების ინფორმირების, პროდუქტის ეტიკეტირებისა და სამედიცინო მონიტორინგის საშუალებით“, – განაცხადა ინდოეთში მოღვაწე ნეფროლოგმა ვივეკ ჯჰამ (Vivek Jha), რომელიც ჯორჯის ინსტიტუტის წარმომადგენელია.
მან ასევე ღნიშნა, რომ გლობალური ჩანაცვლება ამბიციური ამოცანაა, რომელიც კალიუმის ქლორიდის წარმოების გაზრდას საჭიროებს.
არტერიული წნევისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირების მიზნით კალიუმით მდიდარი მარილის გამოყენებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2025 წელს დაუჭირა მხარი.