სტუდია „კვარტალი 95“ ვლადიმირ ზელენსკის შემცვლელად უკრაინის პრეზიდენტის როლის შემსრულებლის შესარჩევ კასტინგს აცხადებს
სტუდია „კვარტალი 95“ ვლადიმირ ზელენსკის შემცვლელად უკრაინის პრეზიდენტის როლის შემსრულებლის შესარჩევ კასტინგს აცხადებს

სტუდია „კვარტალი 95“ ვლადიმირ ზელენსკის შემცვლელად უკრაინის პრეზიდენტის როლის შემსრულებლის შესარჩევ კასტინგს აცხადებს. ამის შესახებ ნათქვამია სტუდიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ახლა, როდესაც „კვარტალის“ სამხატვრო ხელმძღვანელი თავად გახდა პრეზიდენტი, გაჩნდა კითხვა, ვინ შეძლებს სცენაზე მისი როლის საუკეთესოდ შესრულებას. მიღებულია გადაწყვეტილება, ჩავატაროთ სახალხო კასტინგი უკრაინის პრეზიდენტის როლისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კასტინგში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შესარჩევი კონკურსის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ იპოვიან ისეთ პაროდისტებს, რომლებიც განასახიერებენ ზელენსკის ისე, რომ დაიჯერებენ არა მხოლოდ მისი ახლობლები, არამედ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაცვის თანამშრომლებიც.

სტუდია „კვარტალი 95“ 2003 წელს დაარსდა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკია. კომპანია ახორციელებს კონცერტების ორგანიზებას, ასევე აწარმოებს ტელეფილმებს, ტელეგადაცემებს, სერიალებს.

სტუდიის მიერ გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია „ხალხის მსახური“, რომელშიც მთავარ როლს ზელენსკი თამაშობდა.