სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქად ლონდონი აღიარეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. კომპანია QS-ის მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ რეიტინგში, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა შარშანდელი შედეგი გააუმჯობესა და სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების სიაში პირველი ადგილი დაიკავა.
კვლევის ავტორებმა ქალაქები რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით შეაფასეს. მათ შორის, ქალაქში მდებარე წამყვანი უნივერსიტეტების რაოდენობით, სამუშაო ბაზრის მდგომარეობით, კულტურათა მრავალფეროვნებითა და ცხოვრების ხარისხით. გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი ყველა ამ მაჩვენებლით არის ლიდერი.
თუმცა, ცუდი შედეგი ლონდონს სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომობის რეიტინგში აქვს. კვლევის მიხედვით, ლონდონში ცხოვრება სტუდენტებს ძალიან ძვირი უჯდებათ.
მეორე ადგილზე სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში ტოკიოა. იაპონიის დედაქალაქში სწავლა ბევრ სტუდენტს იზიდავს. ეს ქალაქში უსაფრთხოებისა და ცხოვრები ხარისხის მაღალი მაჩვენებლით არის განპირობებული. სტუდენტებისთვის ასევე მიმზიდველია ტორონტო და ამსტერდამი.
თუმცა, რეიტინგში მესამე ადგილზე ავსტრალიის ქალაქი მელბურნია. საუკეთესო ათეულშია სიდნეიც.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამერიკული უნივერსიტეტი, მსოფლიოში საუკეთესოდ არის აღიარებული, სტუდენტებისთვის მიმზიდველი ქალაქების პირველ ათეულში ამერიკულ ქალაქებს ვერ ნახავთ.
ათეულში მოხვდა ორი გერმანული ქალაქი – ბერლინი და მიუნხენი. მეხუთე პოზიციაზეა პარიზი.
სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი ქალაქების ნუსხას სათავეში ბუდაპეშტი უდგას, მას მოჰყვება კუალა ლუმპური.
კვლევა მთელ მსოფლიოში 50 000 სტუდენტის გამოკითხვის საფუძველზე შეადგინეს.
სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების პირველი ოცეული ასეთია:
1. ლონდონი
2. ტოკიო
3. მელბურნი
4. მონრეალი
5. პარიზი
6. მიუნხენი
7. ბერლინი
8. ციურიხი
9. სიდნეი
10. სეული
11. ვენა
12. ჰონგ კონგი
13. ტორონტო
14. ბოსტონი
15. სინგაპური
16. ედინბურგი
17. ვანკუვერი
18. ნიუ იორკი
19. კიოტო-ოსაკა-კობე
20. ტაიბეი