„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ აცხადებენ, რომ აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის გავრცელებული ჩანაწერი სახელმწიფოს ღალატია
„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ აცხადებენ, რომ აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის გავრცელებული ჩანაწერი სახელმწიფოს ღალატია

„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის გავრცელებულ ჩანაწერს სახელმწიფოებრივი ინტერესების ღალატად აფასებენ.

გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიას და ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ქართველი ხალხის ზურგს უკან „ქართული ოცნება“ ახალ, პარალელურ ფორმატში რუსეთთან მალულად საუბრობს.

„გვინდა, ერთობლივად გამოვეხმაუროთ კიდევ ერთ, სახელმწიფოს ინტერესების ღალატის და „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსული ინტერესების შესრულების მორიგ ფაქტს. ევტუშენკოვი-ივანიშვილის მეგობრული საუბრის შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ კარასინი-აბაშიძის ასევე ძალიან თბილი და მეგობრული საუბარი ქართული საზოგადოების ზურგს უკან. აქ არის საუბარი არა საქართველოს ინტერესებზე, არა ჩვენს ოკუპაციაზე, არა ჩვენს უსაფრთხოებაზე, არა ჩვენი ინტერესების დაცვაზე, არა უკრაინაში დახოცილ ბავშვებზე, არა იმ ბოროტებაზე, რასაც რუსეთი ჩადის, არამედ საუბარია რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის კმაყოფილებაზე. მთავარი კითხვა არის ის, რას ვაკეთებთ ჩვენ, ვეგუებით თუ არა ამ პრორუსული რუსული უმცირესობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ღალატს და მიტაცებას. ქართულ საზოგადოებაში ეს პასუხი არის – არა, და 24 თებერვალი არის ის დღე, როდესაც ეს „არა“, ქართულმა საზოგადოებამ უნდა ვუთხრათ რუსეთს, უკრაინას და მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ჩანაწერით პირდაპირ მტკიცდება, რომ არსებობს ფორმატები, რომლითაც რუსეთის ფედერაციასთან მალულად და ფარულად საუბრობს „ქართული ოცნება“.

„ჩვენ არაფერი ვიცით ამის შესახებ. ჩვენ არავის გვსმენია მსგავსი ფორმატის შესახებ. ამ ჩანაწერში რუსეთის მხრიდან არის მოთხოვნა, რომ რეგულარული სახე მიიღოს ამ ტიპის ფორმატმა, რომელ ფორმატსაც არანაირი საკანონმდებლო ლეგიტიმაცია არ აქვს. რუსეთთან ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურად გაწყვეტილი გვაქვს, მაგრამ ჩვენს ზურგს უკან „ქართული ოცნება“ მათთან დღენიადაგ საუბრობს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რაც ყველაზე ცუდია, „ქართულ ოცნებას“ რუსეთის ფედერაციასთან ძალიან შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვს“, – განაცხადა ვაშაძემ.