თეა წულუკიანი სომხეთის იუსტიციის ახალ მინისტრს შეხვდა
თეა წულუკიანი სომხეთის იუსტიციის ახალ მინისტრს შეხვდა

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სომეხ კოლეგა რუსტამ ბადასიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. საუბრის თემა იუსტიციის სფეროში საქართველო-სომხეთს შორის თანამშრომლობა იყო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც წელს ერევანში ჩატარდება. ფორუმი ქართულ-სომხური ურთიერთობის წარმატებული ფორმატია და ის 2015 წლიდან იმართება.

თეა წულუკიანმა რუსტამ ბადასიანთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სამართლებრივ სფეროში გაცილებით ინტენსიური გახდა: 2013 წლიდან მოყოლებული, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა არაერთი შეხვედრა გამართა სომხეთის იუსტიციის მინისტრებთან; 2015 წელს საქართველო-სომხეთს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, სადაც აღინიშნა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, კერძოდ, მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა მოიცავს ნოტარიულ სფეროს, იურიდიული პირების სახელმწიფო რეგისტრაციას, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას და სხვა. სწორედ აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში იმართება ტრადიციული ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი, რომელიც  თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია  ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: სასამართლო რეფორმა, პრობაციისა და პენიტენციურ სფეროში გასატარებელი რეფორმები, სადაც საქართველოს აქვს კარგი გამოცდილება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა თვალსაჩინოა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში.

შეხვედრის ბოლოს ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის შესახებ ისაუბრეს, რომელიც დეკემბერში სომხეთში იმართება.