სტრასბურგში, ევროპარლამენტის ერთ-ერთ ფლიგელში დადგეს დონალდ ტრამპის ქანდაკება სახელწოდებით „ნარინჯისფერი ჭირი“
სტრასბურგში, ევროპარლამენტის ერთ-ერთ ფლიგელში დონალდ ტრამპის ქანდაკება დადგეს.
დანიელი არტისტის, იენს გალშიოტის მიერ შექმნილი სკულპტურა 2.5 მეტრის სიმაღლისაა. ტრამპს ცალ ხელში – მართლმსაჯულების სასწორი, მეორეში კი გოლფის ჯოხი უკავია. იქვეა გოლფის ბურთიც, რომელსაც გლობუსის ფორმა აქვს. პედესტალზე კი ვკითხულობთ: „ნარინჯისფერი ჭირი“.
„ზურგზე ვაზივარ კაცს. ის ჩემი სიმძიმის ქვეშ ისრისება. ყველაფერს გავაკეთებ მის დასახმარებლად, მისი ზურგიდან ჩამოსვლის გარდა“, – წერია პედესტალზე.
„ტრამპი წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს წესებზე დაფუძნებული მსოფლიოსთვის, დემოკრატიული ღირებულებებისა და საერთო ძალისხმევისთვის, გადაიჭრას კლიმატური კრიზისი. ჩვენ ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ და ერთად დავდგეთ ასეთი დესტრუქციული გავლენის წინააღმდეგ“, – განაცხადა ქანდაკების ავტორმა, იენს გალშიოტმა.
მისივე განმარტებით, სკულპტურა 23-კარატიანი ოქროს ფურცლებით არის მოოქროვილი და შთაგონებულია ჰანს კრისტიან ანდერსენის ცნობილი ზღაპრით, „იმპერატორის ახალი ტანსაცმლით“.
სკულპტურა ევროპარლამენტის შენობაში 8 ოქტომბრამდე დარჩება.
