სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ალექსი მაჭავარიანის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მუხლები არ დარღვეულა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაჭავარიანი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო.
სტრასბურგის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი და საქართველოს მის სასარგებლოდ 1 800 ევროს გადახდა დააკისრა.
კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ ალექსი მაჭავარიანის საქმეზე ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევა დაადგინა, ხოლო არ დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლების და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დარღვევა.
„ალექსი მაჭავარიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრი, 2020 წლის 9 ნოემბერს, საღამოს დაახლოებით 9 საათზე ცდილობდა დემონსტრაციის ადგილზე მისვლას შეშით. მას 9 აპრილის ქუჩაზე შეხვდნენ პოლიციელები, რომლებმაც გააფრთხილეს, რომ შეშის დემონსტრაციაზე წაღება აკრძალული იყო. აუდიო-ვიზუალური ჩანაწერიდან ჩანს, რომ მაჭავარიანსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. საბოლოოდ, პოლიციის უფროსმა მისი დაკავების ბრძანება გასცა. დაკავების შემდეგ მაჭავარიანი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი დროებითი დაკავების იზოლატორში. მომდევნო დღეს გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლემ სამი საათით გადადო სხდომა, რათა პოლიციას წარმოედგინა მტკიცებულებები შეშის არასათანადოდ გამოყენების შესახებ. პროცესის განახლებისას, პოლიციამ წარმოადგინა ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანდა, როგორ ესროდნენ დემონსტრანტები პოლიციას სხვადასხვა საგანს, მათ შორის ანთებულ შეშას. საბოლოოდ, სასამართლომ მაჭავარიანი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით და დააკისრა 1 000 ლარის ჯარიმა. მაჭავარიანმა ევროპულ სასამართლოში იჩივლა კონვენციის მე-5, მე-6, მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევაზე“, – ნათქვამია ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლომ დაადგინა მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) დარღვევა მაჭავარიანის დაკავებასთან და პატიმრობასთან დაკავშირებით.
სასამართლომ განმარტა, რომ „ადამიანის დაკავება მხოლოდ კანონის დაცვით არ არის საკმარისი – ეს დაკავება რეალურად აუცილებელიც უნდა იყოს არსებული ვითარების გათვალისწინებით. ქართულმა სასამართლოებმა ვერ დაასაბუთეს, რატომ იყო მაჭავარიანის დაკავება აუცილებელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში“.
სასამართლომ დაადგინა, რომ ქართულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს დასაბუთება, რომ მაჭავარიანის დაკავება აუცილებელი იყო კონკრეტულ გარემოებებში.
სამართლიანი სასამართლოს უფლება (მუხლი 6)
ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა.
„სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსამართლის ქცევა ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტასა და პოლიციისთვის დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობის მიცემასთან დაკავშირებით ეფუძნებოდა ადგილობრივ კანონმდებლობას. მაჭავარიანს შეეძლო კომენტარის გაკეთება წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. გამამტყუნებელი განაჩენი ასევე ეფუძნებოდა სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის აუდიო-ვიდეო ჩანაწერს“, – ნათქვამია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება (მუხლები 10 და 11)
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევა.
სასამართლომ აღნიშნა: „მაჭავარიანის მიერ პოლიციის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა, არ წაეღო შეშა დემონსტრაციაზე, ვერ ისარგებლებს იმავე პრივილეგირებული დაცვით კონვენციის ფარგლებში, როგორც პოლიტიკური გამოხატვა ან საჯარო ინტერესის საკითხებზე დებატები“.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მაჭავარიანს შეეძლო დემონსტრაციაში მონაწილეობა შეშის გარეშე, დაკისრებული ჯარიმა იყო ყველაზე მსუბუქი სანქცია, რომელსაც ადგილობრივი კანონმდებლობა ითვალისწინებდა.
სასამართლომ საქართველოს დააკისრა 1 800 ევროს გადახდა მაჭავარიანისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.