სტივენ ბიგანი - საქართველო რეგიონში ლიდერია, მისგან ველოდებით დემოკრატიული იდეალების განვითარებას, ოქტომბრის არჩევნები კრიტიკული ეტაპი იქნება ამ მიმართულებით
საქართველო რეგიონში ლიდერია, მისგან ველოდებით დემოკრატიული იდეალების განვითარებას, ოქტომბრის არჩევნები კრიტიკული ეტაპი იქნება ამ მიმართულებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ განაცხადა.
„ჩვენი ერთგულება დემოკრატიისადმი დგას ყველაზე მაღლა, საქართველო რეგიონში ლიდერია ბევრი მიმართულებით და ველოდებით თბილისში ჩვენი პარტნიორებისგან, რომ გააგრძელებენ დემოკრატიული იდეალების განვითარებას და გააძლიერებენ მმართველი ინსტიტუტების მუშაობას. ამ წლის ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკული ეტაპი ამ მიმართულებით, ჩვენ გვჯერა, რომ საკმარისი პოლიტიკური ნებით, ქართველი ხალხი გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს, რომ უზრუნველყონ დემოკრატიის სიძლიერე.
ეკონომიკური მიმართულებით, აშშ გააგრძელებს საქართველოსთან ერთად მუშაობას, რომ განავითაროს ეკონომიკის მთავარი სექტორები, მათ შორის ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვის სექტორი, იმისთვის, რომ მოიზიდონ უცხოელი ინვესტორები. იმისთვის, რომ სტაბილური ეკონომიკურ ზრდა შეინარჩუნოს, საქართველოს სჭირდება ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც გარანტიას აძლევს ბიზნესს იყოს თანაბარ პირობებში და დროულად მოაგვაროს დავები. უკეთესად დაკავშირებული, უფრო აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი არის როგორც ამერიკის ასევე საქართველოს ინტერესებში. საქართველო უნიკალურადაა განლაგებული იმისთვის, რომ გახდეს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო სავაჭრო ჰაბი.
სამხრეთის გაზის კორიდორის პროექტის დასრულება ამ ამბიციების გაღრმავება იქნება. ასეთი მცდელობები ქვეყნებს საშუალებას აძლევს, დაძლიონ იმ უცხო ქვეყნების გავლენა, რომლებიც ქმნიან ამ გავლენის სფეროებს. ჩვენ არ მივესალმებით ჩინეთის „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ ინიციატივას, რომლითაც ის ძირს უთხრის მმართველობასა და ავტონომიას“, – განაცხადა სტივენ ბიგანმა.
ბიგანი აღნიშნავს, რომ მათი მიზანია, უზრუნველყონ, რათა სამხრეთ კავკასიაში ქვეყნებმა საკუთარი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა თავად მართონ და ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააკეთონ დამოუკიდებელი არჩევანი, მათ უსაფრთხოებასთან და ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით.