სტივ კინი - „ომონიასთან“ რთული მატჩი გველის, მაგრამ მე „ტორპედოსი“ მჯერა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ კვიპროსშია, სადაც კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ომონიას“ დაუპირისპიორდება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
ქუთაისელთა შოტლანდიელმა მწვრთნელმა მადლობა გადაუხადა კვიპროსულ მხარეს, რომელიც სტადიონზე ქართულ გუნდს ტაბლოზე წარწერით შეეგება – „მოგესალმებით ჩვენს სახლში“.
„პირველ რიგში, მადლობა „ომონიას” კარგი დახვედრისთვის. ძლიერი მეტოქე გვყავს და ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის. როგორც ყოველთვის, ჩვენს მეტოქეს ვაფასებთ და დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ „ტორპედოს“ მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა.
სამწუხაროდ, აურო ჟუნიორის სახით დიდი დანაკლისი გვაქვს, თუმცა გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ დანაკლისის შევსებას შეძლებენ. მათი მჯერა“, – ამბობს სტივ კინი.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი „ომონიასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის ნიქოზიის GSP-ის სტადიონზე 25 ივლისს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.