სტიქიით დაზარალებულ თელავის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში საბავშვო ბაღები ერთი კვირით დაიკეტა
სტიქიით დაზარალებულ თელავის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში საბავშვო ბაღები ერთი კვირით დაიკეტა

სტიქიით დაზარალებულ თელავის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ფშაველსა და ლალისყურში საბავშვო ბაღები დღეიდან ერთი კვირით დაიკეტა. ამის შესახებ გადაწყვეტილება თელავის მერიამ სოფლებში სტიქიის დროს სასმელი წყლის სისტემის დაზიანების გამო მიიღო.

ორი დღის წინ, გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე სტორმა აღნიშნული სოფლების სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, დრენაჟები და გაყვანილობის სისტემა დააზიანა. სოფლებს წყლით სპეციალური რეზერვუარების დახმარებით ამარაგებენ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა რომ ორი საბავშვო ბაღი სანიტარულ ჰიგიენური ნორმების შესაძლო გაუარესების თავიდან აცილების მიზნით დაიკეტა.

„საბავშვო ბაღები ერთი კვირით დავკეტეთ, ამ დროში მდინარის დონეც დაიკლებს და გაირკვევა, რა სირთულის სამუშაო გვექნება ჩასატარებელი სასმელი წყლის აღსადგენად. რაც შეეხება სოფლის სკოლას, რესურსცენტრთან ერთად ამ საკითხს განვიხილავთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ბავშვებს ხელის დაბანა მაინც შეეძლოს”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა. მისივე თქმით, სათავე ნაგებობის პირველადი დათვალიერებით, დაზიანების სირთულიდან გამომდინარე აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.