სტიქიის შედეგად საგარეჯოში მწყობრიდან გამოსული ელექტროგადამცემი ხაზები აღდგენილია
სტიქიის შედეგად საგარეჯოში მწყობრიდან გამოსული ელექტროგადამცემი ხაზები აღდგენილია

ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარის შედეგად საგარეჯოში მწყობრიდან გამოსული ელექტროგადამცემი ხაზები აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, გამთენიისას მეხი დაეცა მაღალი ძაბვის 35 კვ.-იან ელექტროგადამცემ ხაზს, რის გამოც, საგარეჯოს რაიონის ნახევარს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, შედეგად საგარეჯოს აბონენტებს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ლოკალური, მცირე დაზიანებების აღმოფხვრის სამუშაოები და იმ შემთხვევაში, თუ სადმე, რამდენიმე ერთეულ აბონენტს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება, უახლოეს პერიოდში მოხდება მათთვის ენერგომომარაგების აღდგენა“, – აცხადებენ ენერგოკომპანიაში.

კახეთის ზოგიერთ რაიონში ამინდი კვლავ გაუარესდა. ენერგოკომპანიის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სტიქიამ ელექტროქსელის გაუარესება გამოიწვია, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური მზადაა, დროული რეაგირება მოახდინოს.

დატოვე კომენტარი