სტიქიამ კახეთის სოფლებში მოსავალი გაანადგურა
სტიქიამ კახეთის სოფლებში მოსავალი გაანადგურა

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ კახეთის სოფლები: წინანდალი, ვანთა, ბუშეტი და ქვემო ხოდაშენი დააზარალა.

სტიქიის შედეგად განადგურდა ვენახები, ხეხილი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ წელს ყურძნის მოსავლის გარეშე დარჩებიან.

„ასეთი ძლიერი ქარი არ გვახსოვს.ზედ სეტყვაც დაერთო და წარმოიდგინეთ, რას უზამდა ვენახს, როცა კაკალსაც კი გასცვივდა ნაყოფი. ახლა მზე რომ დახედავს, ვენახს უარესს უზამს. სეტყვა კი, რომლიც ღამით 12:00 საათზე მოვიდა, ეზოს ჩრდილიან ადგილებში ისევ დევს. აღარც სიმინდი, პომიდორი და ლობიო შეგვარჩინა. დაზღვეულიც არ გვქონდა, რადგან ჰექტრები არ გვაქვს და მცირე ფართობის დაზღვევა არ გვიფიქრია“, – განცხადა წინანდლის მცხოვრებმა, კაკო ძულიაშვილმა.

უამინდობით გამოწვეულმა ნიაღვარმა სოფელი წინანდლის ცენტრალურ გზაზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა, რომლის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

სტიქიისგან დაზარალებულ სოფლებში დილიდან მუშაობს თელავის მერიის მუდმივმოქმედი კომისია და ზარალს ითვლის.

დატოვე კომენტარი