სტეფანწმინდა-კობის გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქე თბილისში გადმოიყვანეს
სტეფანწმინდა-კობის გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქე თბილისში გადმოიყვანეს

სტეფანწმინდა-კობის გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქე გუდაურის გადაუდებელი მედიცინის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს.

როგორც გუდაურის გადაუდებელი მედიცინის კლინიკის რეანიმატოლოგმა განაცხადა, პაციენტს სილურჯე, ბარძაყის მოტეხილობა და ტრავმული შოკი აღენიშნებოდა.

„მას აღენიშნებოდა მარჯვენა ბარძაყის ტკივილი, საერთო გადაციება, თავბრუსხვევა. სასწრაფომ გადმოიყვანა გუდაურის გადაუდებელი მედიცინის კლინიკაში. აღმოვუჩინეთ სამედიცინო დახმარება. დიაგნოზი სილურჯე, ბარძაყის მოტეხილობა და ტრავმული შოკი. კატასტროფის ბრიგადის მიერ თბილისში იქნა გადაყვანილი შემდეგი მკურნალობის მიზნით“, – განაცხადა რეანიმატოლოგმა, გიორგი კოკაიამ.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულს, რომელიც ზვავის ჩამოწოლის შედეგად ხევში გადავარდნილ ავტომობილში იმყოფებოდა, მას გამოკვლევები ყაზბეგის კლინიკაში ჩაუტარდა.

„ერთ-ერთი დაშავებული 23 წლისაა. ის მანქანიდან გადავარდა, ზვავში მოყვა. ახალგაზრდა ქალბატონი ყაზბეგის კლინიკაში გადაიყვანეს. ჩაუტარდა რენტგენოლოგიური გამოკვლევები. აღენიშნება მარცხენა მხრის სახსრის ტრავმა, მარჯვენა ბარძაყის დაჟეჟილობა და მარჯვენა მტევანზე ჭრილობა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხვალ მას თბილისში გადაიყვანენ ტრავმატოლოგის კონსულტაციისთვის“, – განაცხადა ყაზბეგის კლინიკის ექიმმა, ბადრი ბადრიაძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტეფანწმინდა-კობის გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად რუსეთის მოქალაქე ქალი გარდაიცვალა. ამასთან, უწყების ცნობით, მაშველებმა ხევიდან ამოიყვანეს ორი ადამიანი, ისინი საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები არიან.