სტეფანი ფრაპარტი - პირველი ქალი მსაჯი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს მოემსახურება #1TVSPORT
სტეფანი ფრაპარტი - პირველი ქალი მსაჯი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს მოემსახურება #1TVSPORT

მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად, თამაშს ქალი უხელმძღვანელებს – კოსტა რიკასა და გერმანიის ნაკრებებს შორის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის მთავარ მსაჯად 38 წლის სტეფანი ფრაპარტი დაინიშნა.

ფრანგი მსაჯი 2011 წლიდან ემსახურებოდა ლიგა ნაციონალის (მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო დივიზიონი საფრანგეთში) მატჩებს. 2014 წელს ფრაპარტი გახდა პირველი ქალი მსაჯი, რომელმაც განსაჯა საფრანგეთის ლიგა 2-ის მატჩი, 2015 წელს კი მოემსახურა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც კანადაში გაიმართა.

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე რიო-დე-ჟანეიროში ქალთა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი ჩაატარა: კანადა – ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა – ბრაზილია. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-სა და ნიდერლანდების ფინალი (2:0) განსაჯა.

2019 წლის აპრილში გამოცხადდა, რომ ფრაპარტი გახდება პირველი ქალი მსაჯი საფრანგეთის მთავარ ლიგაში (ლიგა 1). 28 აპრილს ლიგა 1-ში მისი დებიუტი შედგა 34-ე ტურის მატჩში ამიენი – სტრასბურგი (0:0), რომელშიც მან ფეხბურთელებს ოთხი გაფრთხილება აჩვენა. 2019 წლის 2 აგვისტოს უეფა-ს სუპერთასის 2019 წლის მატჩის მთავარ მსაჯად დაინიშნა.

2020 წლის 2 დეკემბერს ის გახდა პირველი ქალი, რომელიც მუშაობდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩის მთავარ მსაჯად (ემსახურებოდა „იუვენტუსისა“ და კიევის „დინამოს“ თამაშს). 2021 წლის 27 მარტს გახდა პირველი ქალი მთავარი არბიტრი კაცთა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც განსაჯა 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ნიდერლანდებსა და ლატვიას შორის.

2021 წლის 21 აპრილს უეფა-მ გამოაცხადა, რომ სტეფანი იქნებოდა მეოთხე მსაჯი 2020 წლის ევროპის მამაკაცთა ჩემპიონატის მატჩებზე და ამით გახდა პირველი ქალი, რომელიც შეუერთდა ევროპის ჩემპიონატზე მივლენილ მსაჯთა გუნდს. ტოკიოში, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ასევე ემსახურებოდა ქალთა საფეხბურთო ტურნირს, იყო მთავარი მსაჯი ჯგუფური ეტაპის მატჩზე ახალი ზელანდია – აშშ, ასევე მეოთხედფინალში – კანადა – ბრაზილიის შეხვედრაზე.​ ფიფა-მ კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 36 მსაჯი 2022 წლის მაისში შეარჩია (მათ შორის ქალი სულ სამია). სტეფანი ფრაპარტი 22 ნოემბერს გახდა პირველი ქალი მსაჯი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე იმუშავა – იგი ჯგუფური ეტაპის მატჩზე მექსიკასა და პოლონეთის ნაკრებებს შორის მეოთხე მსაჯი იყო.