სტეფ კარიმ 62 ქულა ჩააგდო და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) საინტერესო და დაძაბული რეგულარული სეზონი გრძელდება. 4 იანვარს კიდევ 8 შეხვედრა გაიმართა, სადაც რამდენიმე მატჩში შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

მიუხედავად დაძაბული მატჩებისა, ამ შეხვედრებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ძველი სტეფ კარის დაბრუნება. მან „პორტლენდს“ 62 ქულა ჩაუგდო და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, „გოლდენ სტეიტმა“ კი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 137:122.

დაძაბული შეხვედრა გაიმართა დეტროიტში, სადაც თამაშის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. თანაბარ ანგარიშზე მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე ჯეისონ ტეიტუმმა, ამ სეზონში უკვე მეორედ, გამარჯვების მომტანი ბურთი ჩააგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 122:120. ტეიტუმს სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა, მისი მონაგარი 24 ქულა, 8 მოხსნა და 12 პასი იყო. საუკეთესო შედეგი კი ჯეილენ ბრაუნს ჰქონდა, რომელიც ამ სეზონში ძალიან კარგად გამოიყურება. მან „დეტროიტს“ 31 ქულა ჩაუგდო.

სანახაობრივი მატჩი იყო ასევე ბრუკლინშიც, სადაც ირვინგმა და დურანტმა თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე სროლები ვერ გამოიყენეს, შესაბამისად „ნეთსი“ „ვაშინგტონთან“ 122:123 დამარცხდა. „ვიზარდსიდან“ საუკეთესო ბრედლი ბილი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა და 27 ქულასთან ერთად 10 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. დურანტი და ირვინგი, მიუხედავად მარცხისა, ამ შეხვედრაში საუკეთესოები იყვნენ და ორმაგი დუბლი გაიფორმეს. კევინს 28 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი ჰქონდა, ხოლო კაირის 30 ქულა, 5 მოხსნა და 10 პასი.

 

ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა:

 

დეტროიტი-ბოსტონი 120:122

 

ბრუკლინი-ვაშინგტონი 122:123

 

მემფისი-ლეიკერსი 94:108

 

მინესოტა-დენვერი 109:124

 

სან ანტონიო-იუტა 109:130

 

ჩიკაგო-დალასი 118:108

 

ფინიქსი-კლიპერსი 107:112

 

გოლდენ სტეიტი-პორტლენდი 137:122