სტეფ ბლოკი - საქართველო გატარებული რეფორმებით რეგიონისთვის სამაგალითოა
სტეფ ბლოკი - საქართველო გატარებული რეფორმებით რეგიონისთვის სამაგალითოა

ნიდერლანდები რეფორმების პროცესში საქართველოს პარტნიორად დარჩება, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფ ბლოკმა თბილისში, ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმების მხრივ საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა.

„საქართველო გატარებული რეფორმებით სამაგალითოა რეგიონისთვის. ეს ასევე ნიშნავს მოლოდინს, რომ მაღალი სტანდარტი შენარჩუნდება. მე ველოდები, რომ წელს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. მინდა, ამ არჩევნების კონტექსტში ხაზი გავუსვა, რომ აუცილებელია ყველა სადავო საკითხზე მაღლა დადგომა და ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნება. ეს საქართველოს გააძლიერებს, როგორც დემოკრატიას და ერს. ნიდერლანდები დარჩება საქართველოს პარტნიორად რეფორმების პროცესში. რეფორმებისადმი თქვენი მისწრაფება განსაკუთრებით შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ უსაფრთხოების კუთხით არსებულ რთულ სიტუაციას“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ნიდერლანდები შეშფოთებულია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებით.

„ნიდერლანდები კვლავ ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენების გამო. განსაკუთრებით ეს ეხება ადამიანის უფლებებს. მე ვეწვევი ევროკავშირის მისიას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ნიდერლანდები მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს, როგორც ნატო-ს ღირებულ პარტნიორს და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ევროკავშირთან მის მჭიდრო ურთიერთობებს. იმედი გვაქვს, რომ ამ პროგრამის დღის წესრიგის განახლებაზე შევთანხმდებით, რაც მოქალაქეებისთვის ხელშესახებ შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა სტეფ ბლოკმა.

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში სტეფ ბლოკი დღეს ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

დატოვე კომენტარი