თურქეთის პოლიციამ სტამბოლში გამართულ აქციაზე 217 დემონსტრანტი დააკავა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.
იერლიკაიას თქმით, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
მისივე თქმით, სტამბოლში,სადაც ყოველწლიურად შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დემონსტრაცია იმართება, 42 000-ზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული.
აქციის მონაწილეები მზარდ ინფლაციასა და ეკონომიკურ გაჭირვებას აპროტესტებდნენ.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ყოველწლიური საპროტესტო აქციის გამართვას ტაქსიმის მოედანზე არ დაუშვებენ, რაზეც ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა აღნიშნა, რომ თუ აქციის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ, დემოკრატი განსაცდელში აღმოჩნდება.
„თუ პირველი მაისი არ აღინიშნება ქვეყნის მთავარ მოედანზე, დემოკრატია განსაცდელში აღმოჩნდება. ეს ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე ტაქსიმი არ იქნება თავისუფალი“, – განაცხადა ოზელმა.