სტამბოლის სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის ორი ცნობილი ჟურნალისტი გაათავისუფლა
სტამბოლის სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის ორი ცნობილი ჟურნალისტი გაათავისუფლა

სტამბოლის სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის Cumhuriyet-ის ორი ცნობილი ჟურნალისტი გაათავისუფლა. სააგენტო “ფრანს პრესის” ცნობით, ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს გამოცემის მთავარი რედაქტორო მურატ საბუნჯუ და რეპორტიორი აჰმეთ შიკი.

ჟურნალისტები წინასწარ პატიმრობაში ერთ წელზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ. მათ პატიმრობა კვლავ ემუქრებათ, რადგან ბრალად ედებათ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი.

ანკარა ფეთჰულა გიულენს 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს.

ფეთჰულა გიულენთან კავშირში ბრალი გამოცემა Cumhuriyet-ის 14 თანამშრომელს აქვს წაყენებული.

გაზეთის აღმასრულებელი დირექტორი აქინ ათალაი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

სტამბოლის პროკურატურა ბრალდებულებისთვის 7-დან 45 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

„ზეიმის მიზეზი არ არის. ჩვენი კოლეგები საკნებში რჩებიან. თურქეთის პრობლემები ჩვენი გათავისუფლებით არ გადაჭრილა”, – განაცხადა გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა აჰმეთ შიკმა.

თებერვალში თურქეთის სასამართლომ გიულენთან კავშირის ბრალდებით რამდენიმე ჟურნალისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.