სტამბოლის სასამართლომ გერმანიაში მცხოვრები ჟურნალისტის, ჯან დიუნდარის დაკავების ორდერი გასცა
სტამბოლის სასამართლომ ლიბერალური თურქული გაზეთის, Cumhuriyet-ის ყოფილი მთავარი რედაქტორის, გერმანიაში მცხოვრები ჯან დიუნდარის დაკავების ორდერი გასცა. გამოძიება დიუნდარს 2013 წლის საპროტესტო გამოსვლების დროს საზოგადოებრივი არეულობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებს.
პროკურატურის მტკიცებით, დიუნდარი უფლებადამცველ ოსმან კავალასთან ერთად სტამბოლში საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორი და გამავრცელებელი იყო. გამოძიების ცნობით, არსებობს „კონკრეტული მტკიცებულებები, რომ დიუნდარმა შექმნა ქაოსი და წააქეზა ტერორისტები“.
ბრალდების მხარეს მტკიცებულებებად წარდგენილი აქვს ჟურნალისტის პუბლიკაციები სოციალურ ქსელებში და სატელეფონო საუბრები.
სტამბოლის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერის გაცემას თავად ჟურნალისტი სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ გამოეხმაურა.
„ჩვენ ვამაყობთ. ჩვენ ყველა ვიყავით ღეზიში“, – დაწერა მან.
2013 წლის საპროტესტო გამოსვლების მიზეზი გახდა თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება სტამბოლის ტაქსიმ-ღეზის პარკში ხეების გაჩეხვისა და სავაჭრო ცენტრის აშენების შესახებ.
დიუნდარს 2016 წელს თურქეთში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2015 წლის მაისში გამოცემა Cumhuriyet-ის რედაქტორობის დროს დიუნდარმა თავის კოლეგა ერდემ გიულთან ერთად გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარი იყო, რომ თურქული სპეცსამსახურებს სირიაში სატვირთო მანქანებით იარაღი გადაჰქონდათ. ორივე ჟურნალისტმა წინასწარი დაკავების საკანში სამი თვე გაატარა, თუმცა სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც დიუნდარი გერმანიაში გადასახლდა.