სტამბებში წუნდებული საარჩევნო ბიულეტენების განადგურების პროცესი დაიწყო

16:15, 26.11.2018

სტამბებში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა, წუნდებული ბიულეტენების განადგურების პროცესი დაიწყო.

მას შემდეგ საარჩევნო კომისიებმა სტამბებიდან გაიტანეს ბიულეტენთა საჭირო რაოდენობა, საწარმოებში წუნდებული ნარჩენის სახით წარმოქმნილი ბიულეტენები აიწონა, შედგა შესაბამისი ოქმი და უფლებამოსილ პირებთან ერთად ნარჩენების განადგურება დაიწყო.

„საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა, ისევე, როგორც ნებისმიერი ნაბეჭდი პროდუქციის დამზადება, გულისხმობს წუნდებული პროდუქციის ე.წ. ტექნიკური ნარჩენის წარმოქმნას. საარჩევო ბიულეტენების ბეჭდვის შემთხვევაში, წუნდებული ტექნიკური ნარჩენის სახით წარმოქმნილი ბიულეტენები ცალკე გადაიდება და შემდეგ ცესკო-ს უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ერთად კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი განადგურება ხდება, რაზეც დგება შესაბამისი აქტი“, – განმარტა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ბუსკივაძემ.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბიულეტენები ექვს სტამბაში დაიბეჭდა.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი