„სტად ფრანსეს“ მორაგბეთა თითქმის მესამედს კორონავირუსი დაუდასტურდა
„სტად ფრანსეს“ მორაგბეთა თითქმის მესამედს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონ „ტოპ 14“-ში (Top 14) მოასპარეზე „სტად ფრანსეს“ მორაგბეთა თითქმის მესამედს კორონავირუსი დაუდასტურდა. გუნდის წევრები ნიცაში „ბრივთან“ ამხანაგური მატჩისთვის ემზადებოდნენ, როდესაც მათ გეგმიური შემოწმება ჩაუტარდათ. ინფორმაციას თავად კლუბი ადასტურებს.

„ყოველკვირეული სავალდებულო ტესტირების ნაწილზე დადებითი პასუხი მოვიდა. არც ერთ მორაგბეს არ აქვს სიმპტომები და ყველანი კარანტინში იმყოფებიან. მომდევნო ტესტირება ორშაბათისთვისაა დაგეგმილი“, – განაცხადა „სტად ფრანსეს“ წარმომადგენელმა „ლ’ეკიპთან“ (L’equipe) საუბრისას.

„ტოპ 14“-ის სეზონი დაახლოებით ერთ თვეში განახლდება და მანამდე პარიზული კლუბი ორი ამხანაგური თამაშის ჩატარებას აპირებდა „ბრივის“ და „ტულონის“ წინააღმდეგ. მატჩები, შესაბამისად, 14 და 27 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა პირველი დაპირისპირება უკვე გაუქმდა.

შეგახსენებთ, რომ „სტად ფრანსეში“ ორი ქართველი მორაგბე – გიორგი მელიქიძე და ვასილ კაკოვინი ირიცხებიან.

დატოვე კომენტარი