სოფელ ბანძაში მესაფლავეებმა ოქროსა და ვერცხლის მონეტებით სავსე ქოთანი იპოვეს

20:02, 10.12.2018

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში 21 ნოემბერს მესაფლავეებმა ოქროსა ვერცხლის მონეტებით სავსე ქოთანი იპოვეს. ქოთანში ფირუზისთვლიანი ვერცხლის ბეჭდებიც აღმოჩნდა.

მარტვილის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა, გივი ელიავამ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ მესაფლავეებმა ძვირფასეულობა ბანძის ეკლესიის ყოფილი მღვდლის, ანტონ კეკელიას შვილიშვილის, მაყვალა კეკელიას დასაფლავებისას იპოვეს.

„ნაპოვნი ძვირფასეულობა მესაფლავეებმა მაყვალა კეკელიების ოჯახსაც გაუნაწილეს, ერთ-ერთმა კი, თავისი წილი ოქროსა და ვერცხლის მონეტები ქუთაისის ოქროს ბირჟაზე მოქალაქე ა. ჭ-ს 10 885 ლარად ჩააბარა “,-განაცხადა გივი ელიავამ.

მისივე თქმით, მაყვალა კეკელიას ოჯახმა მუზეუმს  16  მონეტა გადასცა, რომელთა შემადგენლობა და ისტორიული ასაკი დადგენილი არ არის.

სასაფლაო ადგილობრივი ეკლესიის სიახლოვეს მდებარეობს, ამიტომ გივი ელიავას მიაჩნია, რომ ნაპოვნი მონეტები ეკლესიის საგანძურს წარმოადგენდა.

„შევძელი და ოქროს ბირჟიდან ა.ჭ-ს 8 მონეტა და ერთი ვერცხლის ბეჭედი დავათმობინე, ამჟამად ჩემს მიერ მოძიებული მასალა სამართალდამცველებს აქვთ დალუქული და მიმდინარეობს გამოძიება სხვა მონეტების მოსაძიებლად “,-განუცხადა პირველ არხს გივი ელიავამ.

შსს-ს მარტვილის პოლიციის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

მსგავსი