„სქაი ნიუსი“ – ირანში მინაბის გოგონათა სკოლაზე დარტყმა, სავარაუდოდ, აშშ-ის დაზვერვის მიერ ირანის სამხედრო ობიექტების შესახებ მოძველებული ინფორმაციის გამოყენებას უკავშირდება

16:57, 12.10.2026

აშშ-ის სადაზვერვო უწყებებმა ირანის სამხედრო ობიექტების შესახებ მონაცემების განახლება სათანადოდ არ უზრუნველყვეს, რამაც სამიზნეების იდენტიფიცირებისას სერიოზული პრობლემები გამოიწვია, – ამის შესახებ ნათქვამია „სქაი ნიუსის“ საგამოძიებო მასალაში.

ჟურნალისტების გამოძიებით, აშშ ირანთან შესაძლო ომისთვის დიდი ხანი ემზადებოდა და ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს 1987 წლის გასაიდუმლოებული დოკუმენტი აჩვენებს, რომ იმ პერიოდში აშშ მინაბში მდებარე შესაძლო სამხედრო დამხმარე ობიექტს თანამგზავრული გამოსახულებებით აკვირდებოდა.

აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტო სამხედრო ობიექტების შესახებ მონაცემებს სპეციალურ ბაზაში ინახავს და აახლებს.

გამოძიების მიხედვით, ცენტრალური სარდლობა ამ მონაცემებს სამხედრო სამიზნეების სიების შესადგენად იყენებს.

ამერიკელი სამხედრო წყაროს განცხადებით, მონაცემები სამიდან ხუთ წლამდე ინტერვალით უნდა მოწმდებოდეს, თუმცა ეს პროცესი სათანადო სიხშირით არ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული მხოლოდ 100-დან 200-მდე ობიექტი მოწმდებოდა ყოველწლიურად.

სამხედრო სამიზნეების შერჩევის ექსპერტმა, ჯესიკა დორსიმ მოძველებული ინფორმაციის გამოყენებას დარტყმების განსახორციელებლად „უკიდურესად პრობლემური“ უწოდა.

ამასთან, პენტაგონის სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის ცენტრის ყოფილი თანამშრომლის, უეს ბრაიანტის თქმით, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ცენტრში თითქმის 40 სპეციალისტიდან მხოლოდ შვიდი დარჩა. მინაბის სკოლაზე დარტყმასთან დაკავშირებით აშშ-ის ოფიციალური გამოძიების შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ცნობისთვის, მინაბის გოგონათა სკოლაზე დარტყმა ირანთან ომის პირველ დღეებში განხორციელდა. თეირანის ცნობით, თავდასხმას ათობით მოსწავლე ემსხვერპლა.

მსგავსი