სპორტის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი - ტრადიციებიდან და დამსახურებიდან გამომდინარე, სპორტის ცალკე სამინისტროდ ან დეპარტამენტად ჩამოყალიბებაა საჭირო #1TVSPORT
სპორტის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და ამავე დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომლებმა პრესკონფერენცია გამართეს.
მათი თქმით, თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, სპორტის დეპარტამენტის „მრავალჯერადი რეორგანიზაცია“ გააკრიტიკეს და სპორტის სფეროს უკეთესი მართვისთვის, დარგის ცალკე გამოყოფა მოითხოვეს.
„სპორტი არავის კუთვნილება არაა, ის საზოგადოებას და ხალხს ეკუთვნის. საინფორმაციო გამოშვებებს გადახედეთ, ქვეყანაში ლამის ერთადერთი პოზიტივი სპორტული წარმატებებია და რამ გამოიწვია სპორტისადმი ასეთი დამოკიდებულება, გაუგებარია.
სპორტი ახლაც მდგმურის როლშია. კომპეტენციის შემსწავლელ კომისიას ხელმძღვანელობდა სოსო გიორგაძე, რომლის კომისიაშიც სპორტული ფედერაციის თანამშრომლების კვალიფიკაციას ბუღალტრები, ინფრასტრუქტურის სპეციალისტები და ა.შ. აფასებდნენ. მათი მოთხოვნები ვერ დავაკმაყოფილე.
ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ამიტომ უკანონოდ გათავისუფლებულებმა სამართლებრივი დავა წამოვიწყეთ. ნაწილმა პირველ ინსტანციაში დავა მოიგო და ახლა მათი თანამდებობაზე აღდგენა და კომპენსაციების გაწევა მოუწევთ. სამწუხაროა ფაქტია, რადგან ეს თანხები შეიძლებოდა სპორტს მოხმარებოდა.
კომუნიკაცია თუ გვქონდა? სამწუხაროდ, თანამშრომლობის დროსაც არ გვქონდა. უკმაყოფილებაა ბევრ სპორტულ ფედერაციაშია, მაგრამ ღიად არ საუბრობენ. თუმცა უკმაყოფილება რომ არის, ფაქტია.
მივმართავ ხელისუფლებას – ტრადიციებიდან და დამსახურებიდან გამომდინარე, საჭიროა სპორტის ცალკე სფეროდ – სამინისტროდ ან დეპარტამენტად ჩამოყალიბება, რადგან ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს“, – განაცხადა ირაკლი დოლაბერიძემ.