„სპორტ-ოვერნი“ მიხეილ ალანიაზე - ქართველი ცხრა ნომერი სწრაფად პროგრესირებს
„სპორტ-ოვერნი“ მიხეილ ალანიაზე - ქართველი ცხრა ნომერი სწრაფად პროგრესირებს

ფრანგული გამოცემა „სპორტს-ოვერნის“ (www.sports-auvergne.fr) ჟურნალისტმა ჟან-პოლ კოჰადმა ახალგაზრდა ქართველ ცხრა ნომერ მიხეილ ალანიას ვრცელი სტატია მიუძღვნა. საქართველოს პირველი არხი სტატიის თარგმანს გთავაზობთ.

შაბათს, მიხეილ ალანია „ორიაკის“ შემადგენლობაში მეხუთე მატჩს გამართავს. მისი ბოლოდროინდელი კარგი თამაში იმას ნიშნავს, რომ „შემოდგომის ერთა თასზე“ ნაკრებთან ითამაშებს, თუმცა მანამდე მისი ყურადღება „პროდ 2“-ის გათამაშებაზეა.

ალანიამ გასულ სეზონში გამოიჩინა თავი. იგი „ორიაკში“ მეორე სეზონს ატარებს, სწრაფად პროგრესირებს და უკვე იმკვიდრებს თავს ძირითად შემადგენლობაში. მის პოზიციაზე გუნდს ტრავმირებული მორაგბეები ჰყავდა და მიხეილმა ამით კარგად ისარგებლა. ქართველი ცხრა ნომერი პროფესიონალურ გუნდს სწრაფად შეეგუა და მწვრთნელი მას უკვე ბერნარ რეჟიარდოზე წინ აყენებს.

20 წლის სპორტსმენი დროს არ კარგავს – ცოცხალმა და ტექნიკურმა მორაგბემ „ნევერის“ წინააღმდეგ ამხანაგურ თამაშში საუკეთესო თვისებები გამოავლინა, ხოლო მეოთხე ტურში მან „მონტობანი“ დაალელოვა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

„სტუმრად მოგება შესანიშნავი გრძნობაა, მაგრამ როდესაც გამარჯვების ლელოს დებ, სიხარული კიდევ უფრო დიდია. ამ მატჩის შემდეგ ვიგრძენი, რომ თანაგუნდელები მენდობიან,“ – განაცხადა ახალგაზრდა ათლეტმა მატჩის შემდგომ ინტერვიუში.

მიხეილ ალანია „ბორჯღალოსნების“ შეკრებაზე გამგზავრებამდე გუნდთან ერთად კიდევ ერთ მატჩს გამართავს (შეხვედრა „ორიაკმა“ ანგარიშით 19:16 დათმო, ალანია 58-ე წუთზე შეცვალეს).

„ჯერ „პროვანსთან“ შეხვედრაზე ვფიქრობ და მსურს კარგად ვითამაშო, რადგან შემდეგ სანაკრებო შეკრებაზე მივემგზავრები. არ ვიცოდი, თუ ნაკრებში გამომიძახებდნენ და ვთვლი, რომ აქ გამართულმა ხუთმა მატჩმა ჩემს „ბორჯღალოსნებში“ მიწვევაზე დიდი გავლენა მოახდინა,“ – ამბობს ცხრა ნომერი.

მიხეილ ალანია სანაკრებო შეკრებაზე უკვე იყო, თუმცა პირველი კეპი ჯერ არ მოუხვეჭია. მიუხედავად იმისა, რომ „ბორჯღალოსნების“ ძირითადი ცხრა ნომერი „ბრივის“ ვასილ ლობჟანიძეა, ხოლო სათადარიგო კი „მონპელიეში“ მოთამაშე გელა აფრასიძე, ალანიას კონკურენცია არ აშინებს:

„საფრანგეთში ჩემს პოზიციაზე ორი კარგი მორაგბე ასპარეზობს – ვასილ ლობჟანიძე და გელა აფრასიძე. ისინი ძლიერი მოთამაშეები არიან. კონკურენცია კარგია. ნაკრებთან ერთად უნდა ვითამაშო და ვეცადო, რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო.“

ამას დრო დასჭირდება, თუმცა ახალგაზრდა და ნიჭიერმა მიხეილ ალანიამ უკვე დაამტკიცა, რომ მას თამაშში კარგად ჩართვა მხოლოდ სათადარიგოთა სკამიდან არ შეუძლია და მატჩის შედეგზე დადებითი გავლენის მოხდენა მისი პირველივე წუთებიდან ხელემწიფება.