„სპეციას“ მწვრთნელის ასისტენტი - გელაშვილმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, შანსი მიეცა და ამით ისარგებლა [ვიდეო] #1TVSPORT
„სპეციას“ მწვრთნელის ასისტენტი - გელაშვილმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, შანსი მიეცა და ამით ისარგებლა [ვიდეო] #1TVSPORT

„მოდენასთან“ ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე, „სპეციას“ მწვრთნელის, ლუკა დანჯელოს ასისტენტმა, რიკარდო ტადეიმ ისაუბრა (რადგან მთავარი მწვრთნელი სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს) და ივა გელაშვილის თამაშიც შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველმა „მოდენასთან“ სერია B-ს წლის ბოლო შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა. 64-ე წუთზე მისი შეცდომის გამო „სპეციას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომლითაც მეტოქე დაწინაურდა. ბოლო წუთზე კი შეტევაში ჩართულმა გელაშვილმა ეფექტური თავური დარტყმით გაიტანა და გუნდს ქულა გადაურჩინა.

„მიხარია, რომ „მოდენასთან“ თამაში გადავარჩინეთ და ქულა მოვიპოვეთ. მატჩამდე საკადრო პრობლემები შეგვექმნა. მადლობას გადავუხდი სალვატორე ესპოზიტოსა და ნიკოლაუს, რომლებმაც ავადმყოფობის მიუხედავად, მაინც ითამაშეს. ასეთ რთულ დაპირისპირებაში მოპოვებული ქულა ოპტიმისტურად განმაწყობს, რადგან ეს გუნდისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია.

„მოდენასთან“ დასახელებულმა სასტარტო შემადგენლობამ ბევრი გააკვირვა, მაგრამ ფაქტია, რომ ამან გაამართლა – მაგალითად, ივა გელაშვილის დაყენებამ. მან ვარჯიშებზე აჩვენა, რომ მიზანდასახული და გუნდური მოთამაშეა. გადამყვეტი გოლი გაიტანა და ეს სიხარული ეკუთვნოდა, რადგან არ იმსახურებდა მატჩის იმ შეცდომით დასრულებას, რომელიც ჩვენს კარში პენალტით დასრულდა. ამ შეცდომის მიუხედავად, გელაშვილმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა – მას შანსი მიეცა და ამით შესანიშნავად ისარგებლა.

ის იმსახურებს ასეთ მოპყრობას და სიყვარულს. უფრო გამოცდილი მოთამაშეებიც გვყავს, მაგრამ გელაშვილი არის მაგალითი, თუ ვის ვანიჭებთ უპირატესობას – ისეთებს, ვისაც მეტი ენთუზიაზმი გააჩნია, ვინც სერიოზულობა გამოავლინა და კარგად გაიგო ამ მომენტში „სპეციას“ რა სჭირდება“, – განაცხადა რიკარდო ტადეიმ.