სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები წარადგინა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები წარადგინა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ევროკავშირისა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შესაძლო დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღების, აგრეთვე, ხელბორკილების გამოყენების მიზანშეწონილობისა და წესების შესახებ რეკომენდაციების პრეზენტაცია და განხილვა გამართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „შესაძლო დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღების შესახებ“ რეკომენდაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირების განხორციელების ვადებსა და წესებს, გამოძიების დაწყების საფუძვლებს, განმცხადებლის უფლებების დაცვის დამატებით გარანტიებს განსაზღვრავს.

„რეკომენდაცია გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ექსპერტის მონაწილეობით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომებითა და პრინციპებით შემუშავდა, რომელმაც არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსულ შეტყობინებებზე დროული და ეფექტური რეაგირების ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბება უნდა უზრუნველყოს. მეორე სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სამართალდამცავების მიერ ხელბორკილების გამოყენების მიზანშეწონილობასა და წესებს განსაზღვრავს, ასევე საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით შემუშავდა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ექსპერტის მიერ გაკეთებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზს ეფუძნება. აღნიშნული ინიციატივა დაამკვიდრებს ხელბორკილის გამოყენების ერთიან სტანდარტს, შექმნის მოქალაქეთა უფლებების დაცვის დამატებით გარანტიებს და დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის არამართლზომიერად გამოყენების რისკებს შეამცირებს.

საჯარო განხილვისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ ორივე დოკუმენტი სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცდება და შესასრულებლად სავალდებულო იქნება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსმა მრჩეველმა, ვლადიმირ შკოლნიკოვმა განაცხადა, საქართველოს მართლმსაჯულების სექტორში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განახორციელა ისეთი აქტივობები, როგორიც არ ყოფილა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

„გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი მხარს უჭერს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც იძიებს ადამიანის უფლებების დარღვევებს, რომლებიც ჩადენილია სამართალდამცავი პირების მიერ. ჩვენ ასევე ვცდილობთ, ავამაღლოთ საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის შესახებ. მტკიცედ გვჯერა, რომ ეს არის ის მცირედი ნაბიჯები, რაც აახლოებს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან, ევროკავშირთან. ამაღელვებელია იმის დანახვა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სექტორში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განახორციელა ისეთი აქტივობები, როგორიც არ ყოფილა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და, მე ვიტყოდი, შესაძლოა, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგაც კი“, – განაცხადა ვლადიმირ შკოლნიკოვმა.