სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიხეილ მშვილდაძის მიმართ ძალადობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიხეილ მშვილდაძის მიმართ ძალადობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ნ.გ.-ს მიმართ, რომელსაც ბრალად ედება 2023 წლის 27 ივნისს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ტელეკომპანია ,,ფორმულას“ დამფუძნებლის მიხეილ მშვილდაძის მიმართ ძალადობა, სასამართლოში განსახილველად გაიგზავნა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიების მსვლელობისას დაზარალებულის უშუალო ჩართულობით გადამოწმებული იქნა გამოძიების ყველა შესაძლო ვერსია, რა მიზნითაც საქმეზე არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც იდენტიფიცირდა და სასამართლოს განჩინებით გამოთხოვილი იქნა 23 კერძო ობიექტის და საჯარო უწყების ათეულობით სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერი, ასევე ცალკეულ ვიდეოკადრებზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ჩანაწერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ჩატარდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, გამოიკითხა 21 მოწმე. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს, ასევე გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებული იქნა საქმესთან შემხებლობაში მყოფი 4 პირის საკუთრებაში არსებული მობილური ტელეფონი. საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილ იქნა საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტები და მასალები, რის შედეგადაც ვერ დადგინდა სხვა პირის/პირთა ბრალეულობა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მუდმივად უზრუნველყოფდა დაზარალებულის და ადვოკატის ჩართულობას საგამოძიებო პროცესში.

დაზარალებული და მისი უფლებადამცველი სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას და დოკუმენტს შვიდჯერ გაეცნო.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე 2023 წლის 28 ივნისს ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნ.გ., რომელსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა და სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.