სპეციალური პენიტენციური სამსახური სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალების მიერ სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია. კერძოდ, ვრცელდება ციხეში პატიმრის წამების ამსახველი კადრები, რომლებიც გადაღებულია 2012 წლამდე, თუმცა სოციალურ ქსელში ვრცელდება როგორც ახალი კადრები. სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ კადრები არის 2012 წლამდე გადაღებული, რაც დასტურდება თუნდაც იმით, რომ კადრებში ასახულ ციხის თანამშრომლებს სისტემაში იმ პერიოდისთვის არსებული უნიფორმები აცვიათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ ყალბი, ე.წ. ფეიკ ნიუსის გავრცელებისგან. აღსანიშნავია ისიც, რომ კადრებში მონაწილე ციხის თანამშრომლების – ბორის ფარულავა (იგივე ბასტი) და ლევან ფხალაძე (იგივე ბუბუ) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (წამება) დადგა განაჩენი. აქვე განვმარტავთ, საქმის მასალების მიხედვით, ეს არის 2012 წელს მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით, ორგანიზებითა და ინსცენირებით გადაღებული კადრები. კერძოდ, 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში, საქართველოს იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ შესაძლოა გასაჯაროებულიყო. ადეიშვილმა, იცოდა რა რომ ხსენებული ვიდეომასალის გამოქვეყნება იმოქმედებდა იმ დროს ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგოდ, გადაწყვიტა, შეემუშავებინა სცენარი/გეგმა, რომლის თანახმადაც, ციხეში პატიმართა წამება უნდა დაბრალებოდა პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებას“. სწორედ ამ სცენარის მიხედვით გადაღებული და გავრცელებული კადრები დაიდო დღეს სოციალურ ქსელში, როგორც „ციხის ახალი კადრები“.