სპეციალური მოწვევით კაუნასში - მუჯირი ლიეტუვის საფეხბურთო ფორუმზე გამოვიდა #1TVSPORT
დავით მუჯირი კაუნასში იმყოფებოდა, სადაც ლიეტუვის ფეხბურთის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საფეხბურთო ფორუმი გაიმართა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ღონისძიებაში მონაწილეობა სპეციალური მოწვევით მიიღო. ფორუმს ესწრებოდნენ ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, სპორტის მინისტრის მოადგილე, პარლამენტის წევრები და უეფა-ს ეროვნული ასოციაციების დირექტორის მოადგილე ტიერი ფავრი.
დავით მუჯირი ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ქართული ფეხბურთის ფონდისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მაგალითზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მოდელზე ისაუბრა.
ინფრასტრუქტურული პროექტების ერთობლივად განხორციელების წარმატებულ მაგალითად სფფ-ის აკადემიები და საფეხბურთო ცენტრები დასახელდა, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით და ფიფა-ს „ფორვარდისა“ და უეფა-ს „ჰეტ-თრიკის“ პროგრამის ფარგლებში აშენდა. ხაზი გაესვა მომავალ წელს საქართველოში გასამართ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში სახელმწიფოს ჩართულობას ფინანსური მხარდაჭერის სახით.
მუჯირის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყანას მოუტანს მრავალფეროვან საფეხბურთო ინფრასტრუქტურას, რომლითაც ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ადგილობრივი კლუბები ისარგებლებენ.