სპეციალისტების შეფასებით, გაგარინის N10-ში მდებარე კორპუსს სრული დემონტაჟი სჭირდება
სპეციალისტების შეფასებით, გაგარინის N10-ში მდებარე კორპუსს სრული დემონტაჟი სჭირდება

დარგის სპეციალისტების მიერ ერთჯერადი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ გაგარინის N10-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს სრული დემონტაჟი სჭირდება – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები,  საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაგარინის N10-ში მდებარე ავარიულ საცხოვრებელ კორპუსთან იმყოფებოდნენ, სადაც არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ.

შენობის ნაწილი ნგრევის პირას არის, თუმცა გამგეობის მხრიდან მოსახლეობის ქირით გაყვანისა და შენობის დემონტაჟის შესახებ არაერთგზის გაკეთებული შეთავაზების მიუხედავად, მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ შედგა. კორპუსში სულ 18 ოჯახი ცხოვრობს და მათი ნაწილი პოტენციურ ინვესტორთან ვერ თანხმდება, ნაწილი კი კორპუსის სანახევრო, ავარიული მხარის დემონტაჟს ითხოვს. დარგის სპეციალისტების მიერ ერთჯერადი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ შენობას სრული დემონტაჟი სჭირდება. ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია უკვე მუშაობს შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ საექსპერტო დასკვნაზე.

ადგილზე იმყოფებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე. გაგარინის N10-ში მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რადგან შენობა საფრთხის შემცველია, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე მესამე პირებისთვისაც. მერიის შესაბამისი სამსახურები საცხოვრებელი კორპუსის დაცლის მოთხოვნით მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს განაგრძობენ. ადგილობრივებს თბილისის მერია შენობის დემონტაჟისა და ახალი კორპუსის მშენებლობის პერიოდში ქირით უზრუნველყოფს“, – აცხადებენ მერიაში.