„სპაზიო ნაპოლიმ“ კობახიძეს ინტერვიუ ჩამოართვა - კვარაცხელია „ნაპოლის“ საუკეთესო მოთამაშე გახდება, ის ელმასზე ძლიერია #1TVSPORT
„სპაზიო ნაპოლიმ“ კობახიძეს ინტერვიუ ჩამოართვა - კვარაცხელია „ნაპოლის“ საუკეთესო მოთამაშე გახდება, ის ელმასზე ძლიერია #1TVSPORT

იტალიური გამოცემა „სპაზიო ნაპოლის“ ჟურნალისტმა სალვატორე ამოროზომ ინტერვიუ ჩამოართვა მამუკა კობახიძეს. ბათუმის „დინამოს“ კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების მცველმა აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ჩრდილომაკედონიელ ელიფ ელმასს.

„ნაპოლი“ უფრო ძლიერი იქნება 2001 წელს დაბადებული ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით, რომლის ტრანსფერიც ყაზანის „რუბინს“ ეკუთვნის, მაგრამ სეზონის ბოლომდე იჯარით ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს. ბოლო დღეებში ახალგაზრდა თავდამსხმელის მიმართ „ნაპოლის“ ინტერესი სულ უფრო მატულობს – იმდენად, რომ კრიშტიანო ჯუნტოლი („ნაპოლის“ სპორტული დირექტორი) კვარაცხელიას სატრანსფერო სიაში ლორენცო ინსინიეს პირველ შემცვლელად განიხილავს. ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა, 2022-23 წლების სეზონში „ნაპოლის“ პირველი საზაფხულო შენაძენი იყოს. 2001 წელს დაბადებული გარემარბი 2019 წელს მომავლის 50 ყველაზე საინტერესო ახალგაზრდის სიაში მოხვდა და მას შემდეგ მრავალი მნიშვნელოვანი კლუბის ყურადღება მიიპყრო. მას მარცხენა ფლანგის შემტევის როლი ურჩევნია. შესანიშნავი დრიბლიორი და ასისტენტია. ნაკლებად უყვარს მარჯვენა ფლანგზე თამაში“, – წერს გამოცემა.

რაც შეეხება მამუკა კობახიძეს, ბათუმის „დინამოს“ კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების მცველმა გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ტრანსფერზე არ უსაუბრია, მაგრამ „ნაპოლიში“ მისი პერსპექტივა დადებითად შეაფასა.

– კვარაცხელია „ნაპოლის“ სამიზნეშია, როგორ ფიქრობთ, ის სერია A-სთვის მზად არის?

– შემიძლია ვთქვა, რომ ის ნამდვილად ტოპ-მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფრისთვის მზადაა.

– ოდესმე ტრანსფერზე მასთან გისაუბრიათ?

– არა, ჩვენ არასდროს გვისაუბრია და სიმართლე გითხრათ, არაფერი ვიცი მისი მომავლის შესახებ.

– თუ გადავა, შეუძლია მაშინვე გახდეს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი?

– დარწმუნებული ვარ, რომ ელმასზე 100%-ით ძლიერია.

იტალიური გამოცემა „სპაზიო ნაპოლი“ გულშემატკივრებისთვის განმარტავს, როგორ უნდა გამოთქვან გვარი, რომელიც შესაძლოა, მალე ყველამ წარმოთქვას:

„კვარაცხელია სულ უფრო უახლოვდება „ნაპოლის“, მაგრამ ყაზანის „რუბინის“მოთხოვნა უნდა შესრულდეს, რომელიც 15 მილიონს ითხოვს. რამდენიმე კვირის წინ „კასტელ ვოლტურნოში“ ფეხბურთელის აგენტებსა და „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა. როგორ გამოითქმის მისი გვარი? ასე: „კუისია კუარასკელია“. ქართულში ეს გვარი„ტ“-ს გარეშე გამოითქმის, ხოლო „ტს“ იკითხება როგორც „ც“.