კვარაცხელიამ „რუბინთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა - ხვიჩა რუსეთში აღარ დაბრუნდება #1TVSPORT
კვარაცხელიამ „რუბინთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა - ხვიჩა რუსეთში აღარ დაბრუნდება #1TVSPORT

უკვე ოფიციალურად – ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი გაწყვიტა – ამის შესახებ იტალიურ ინტერნეტ-პორტალ SerieANews-თან ბათუმის „დინამოს“ სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა განაცხადა – მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ ინტერვიუში ასევე საუბარია იმ ფორმულაზე, რომლითაც კვარაცხელია სამშობლოში დაბრუნდა.

„კვარაცხელიას აგენტი ჩემი ძველი მეგობარია. მითხრა, რომ ბათუმში წაყვანის საშუალება გვქონდა, გამიხარდა და მაშინვე დავთანხმდი. შემდეგ კონტრაქტზე ხელი მოვაწერეთ, მომავალი ზაფხული კი ძალიან საინტერესო იქნება მისი მომავლისთვის. ხვიჩა და მისი მენეჯერი წყვეტენ, კვარაცხელია სად წავა. ჩვენ მისი დამატების ფანტასტიკური შანსი გვქონდა და ეს ხელიდან ვერ გავუშვით. ის ყოფილ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ შეთანხმდა. ხვიჩა ჩვენთან თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდა და ყაზანის „რუბინში“ აღარ დაბრუნდება“, – განაცხადა ლადო დვალიშვილმა იტალიურ ინტერნეტ-პორტალთან.

„როგორ ფიქრობთ, მას სურს ნაპოლიში გადასვლა?“, – ინტერნეტ-პორტალმა ბათუმის „დინამოს“ სპორტულ დირექტორს ამის შესახებაც ჰკითხა.

„ეს შეკითხვა ხვიჩას და მის აგენტს ეკუთვნით. მოხარული ვიქნები, თუ ის გადავიდოდა ისეთ პრესტიჟულ კლუბში, როგორიც „ნაპოლია“, მაგრამ ამის შესახებ მათთან არ მილაპარაკია“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ყაზანის „რუბინმა“ სეზონის ბოლომდე 21 წლის ქართველ ფეხბურთელთან ხელშეკრულების შეჩერება გამოაცხადა. კვარაცხელია ყაზანურ გუნდში 2019 წლიდან თამაშობდა.

რუსული მედია ხვიჩას ამ ნაბიჯით გაღიზიანებულია, რაც გამოცემა „ჩემპიონატში“ გამოქვეყნებულ წერილში იგრძნობა.

„აღსანიშნავია, რომ „რუბინის“ მოთამაშეზე ეს სიახლე მესამე მხარემ, ბათუმის „დინამომ“ გამოაცხადა. კლუბში ოფიციალურად განმარტეს, რომ კონტრაქტი თავდაპირველად შეჩერებული იყო და მხოლოდ ამის შემდეგ „რუბინმა“ ფეხბურთელის ინტერესი გაითვალისწინა. ჯერჯერობით უცნობია, ექნებათ თუ არა ყაზანელებს მომავალი გარიგებიდან გარკვეული პროცენტი“, – წერს გამოცემა.

„გავითვალისწინეთ ფაქტი, რომ ის და მისი ოჯახი საქართველოში რუსულ კლუბში ყოფნის გამო კრიტიკის და აგრესიის ობიექტი გახდნენ. ასევე, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ფეხბურთელის ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია „რუბინის“ განცხადებაში.