„სპარტაკი“ კვარაცხელიას ფასს ვერ შესწვდა - ქართველი ტურის მოთამაშედ აღიარეს #1TVSPORT
„სპარტაკის“ სპორტულმა დირექტორმა დიმიტრი პოპოვმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ აღარ განიხილა მოსკოვის კლუბმა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვის იდეა – „სპარტაკის“ მენეჯმენტი ფეხბურთელის ფასმა დააფრთხო.
„რთული იყო ხვიჩას წამოყვანა? მათ 20 მილიონზე მეტი მოითხოვეს”, – განაცახდა პოპოვმა.
შეგახსენებთ, ადრე „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გააკრიტიკა რუსი ფეხბურთელების ფასები. ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, ყაზანურ კლუბს იმედი ჰქონდა, რომ „ზენიტის“ ნახევარმცველს ანდრეი მოსტოვოის შეიძენდა, მაგრამ პეტერბურგის გუნდმა ფეხბურთელში 8 მილიონი ევრო მოითხოვა.
აქვე ვიტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელია (რომელმაც მოსკოვში „სპარტაკთან“ მოგებულ (2:0) შეხვედრაში ორი პასი გააკეთა) გამოცემა „ჩემპიონატის“ ტელეგრამ-არხზე გამართული გამოკითხვის შედეგად რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
საქართველოს ნაკრების 20 წლის ფეხბურთელმა პირველი ადგილი ხმათა 34 პროცენტით დაიკავა. მეორეზე მისი თანაგუნდელი, მოსკოველებთან დუბლის ავტორი ჯორჯ დესპოტოვიჩია (23 პროცენტი), მესამე ადგილი „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა გრჟეგოჟ კრიხოვიაკმა და „როსტოვის“ ფორვარდმა ალი სოუმ 16-16 პროცენტით გაიყვეს.