სპალეტის თქმით, კვარაცხელიას მოედანზე შეყვანა სურდა - ამის გამო ხვიჩასთან შემრცხვა #1TVSPORT
„ნაპოლის“ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში „რეინჯერსთან“, რომელიც მასპინძლებმა 3:0 მოიგეს, სათადარიგოებში მყოფი ხვიჩა კვარაცხელიას გამოყვანაზე ფიქრობდა, თუმცა გადაიფიქრა, – ამის შესახებ გამოცემა „არეა ნაპოლი“ წერს.
„ნაპოლიმ“ გლაზგოს „რეინჯერსთან“ მატჩში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერი გუნდია. ლუჩანო სპალეტიმ საკუთარ თავს საშუალება მისცა რევოლუცია მოეხდინა შემადგენლობაში, რომელმაც სულ რამდენიმე დღით ადრე რომის ოლიმპიურ სტადიონზე „რომა“ დაამარცხა.
მწვრთნელის ნდობა დააფასა თავისი თამაშით ყველა ფეხბურთელმა – მათაც კი, ვინც სხვებზე ბევრად ნაკლებს თამაშობდა. ამავე დროს, ტოსკანელთა მწვრთნელი თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას რამდენიმე წუთით თამაშსაც აპირებდა.
ლუჩანო სპალეტიმ ქართველს დაუძახა, რომ მომზადებულიყო მოედანზე გასასვლელად: „მზად ხარ, მოდი“, – დაიძახა „ნაპოლის“ მწვრთნელმა. მაგრამ როდესაც ოსტიგარდმა ბოლო გოლი გაიტანა და ანგარიში 3:0 გახდა, მწვრთნელმა გადაიფიქრა და გადაწყვიტა ჯაკომო რასპადორის ნაცვლად მოედანზე ძერბინი შეეშვა.
ამაზე კვარაცხელიას პასუხი საუკეთესო იყო. ქართველმა, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე გასვლა სურდა, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია სპალეტის, რითაც აჩვენა, რომ იზიარებდა მწვრთნელის გადაწყვეტილებას. ამ ვითომ წვრილმანი დეტალებიდანაც შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ეს გამარჯვებულების გუნდია“, – წერს იტალიური გამოცემა.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კვარაცხელიაზე ლუჩანო სპალეტიმაც ისაუბრა.
„კვარაცხელიას შეყვანა მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მსურდა, რადგან ბურთის დაჭერა გვინდოდა. მაგრამ ანგარიში 3:0 გავხადეთ და მერე კვარას ვთხოვე, ისევ დამჯდარიყო. მან ყველაფერი ძალიან კარგად გაიგო. ასეთი გუნდურობის მომენტს ბევრჯერ ვაწყდები. სიმართლე გითხრათ, მასთან შემრცხვა (იცინის). ჩემს კარიერაში ასეთი რამ თითქმის არასდროს მქონია“.