სპალეტიმ კვარაცხელია გააკრიტიკა - თავის შესაძლებლობაზე უარესად ითამაშა #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტიმ გააკრიტიკა ირვინგ ლოზანო და ხვიჩა კვარაცხელია „ფიორენტინასთან“ 0:0 დასრულებული მატჩის შემდეგ და დაადასტურა, რომ „ნაპოლის“ გაუჭირდება უარის თქმა, თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერში 100 მილიონ ევროს შესთავაზებს.
სამი ტურის შემდეგ, სერია A-ში არცერთ გუნდს არ აქვს 100-პროცენტიანი მაჩვენებელი, რაც 2012-13 წლების სეზონის შემდეგ პირველი შემთხვევაა. თუმცა, „ნაპოლი“ 7 ქულით ლიდერობს „მილანთან“, „ლაციოსთან“, „ტორინოსთან“ და „რომასთან“ ერთად.
„ჩვენ ვითამაშეთ ბევრი გრძელი პასით, რომლებიც ოსიმენზე მიდიოდა, რომელიც ასეთ გადაცემებს კარგად ვერ იღებს და სივრცეებს ვერ პოულობს. ჩვენ კარგად ვერ ვიხსნებოდით და დაცვიდან ბურთიც სწორად არ ამოგვქონდა. ამავე დროს, ორთაბრძოლებსაც ხშირად ვაგებდით, და უკან ძალიან ბევრ პასს ვაკეთებდით“, – განაცხადა სპალეტიმ მატჩის შემდეგ.
„ნაპოლის“ მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გადასვლის შემდეგ პირველად გააკრიტიკა, თუმცა, მისი გადაცემაც გაიხსენა.
„კვარაცხელიამ თავის შესაძლებლობაზე უარესად ითამაშა, ბურთის ფლობაში ზედმეტად ჯიუტი იყო და დაცვას კარგად არ ეხმარებოდა. ფიზიკური გადატვირთვის გამო, დაღლილობა აწუხებდა. მაგრამ, ამის თქმის შემდეგ მახსენდება მისი შექმნილი საგოლე მომენტი, რომელიც ლოზანომ ვერ გამოიყენა. ასეთ დროს არ შეიძლება შეცდე“.
მან „ნაპოლის“ ახლად დამატებულ ფეხბურთელებზეც ისაუბრა.
„რასპადორის გოლის გატანის უკეთესი შესაძლებლობა ჰქონდა, რის გამოც გოლინი აიძულა დაბალი სეივი გაეკეთებინა. ის კარგად გამოვიდა, შექმნა დინამიკა, რამაც საშუალება მოგვცა გვეპოვა თავისუფალი სივრცეები. მას ბურთის დაჭერა და მცირე სივრცეში სწრაფი მოქმედება შეუძლია“.
საუბარი გადაიზარდა მიმდინარე ცნობებზე, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შეიძლება კრიშტიანუ რონალდუ „ნაპოლიში“ იჯარით გაუშვას, თუ ვიქტორ ოსიმენში 100 მილიონ ევროს გადაიხდიან.
„ამ საკითხებზე ფიქრის დრო არ მაქვს, რადგან თამაშები მჭიდრო გრაფიკით გვაქვს. კლუბი ფიქრობს ამაზე? თუ შემოგთავაზებენ 100 მილიონ ევროს, ადვილი არ იქნება უარის თქმა“.
ამ ზაფხულს „ნაპოლიმ“ უკვე გაყიდა ან გამოუშვა მრავალი ვარსკვლავი, მათ შორის ლორენცო ინსინიე, დრის მერტენსი, კალიდუ კულიბალი, დევიდ ოსპინა და ანდრეა პეტანია. სპალეტიმ კომენტარი ამ თემაზეც გააკეთა.
„დიახ, მაგრამ ჩვენ ისინი სხვებით ჩავანაცვლეთ და დავიმატეთ ნდომბელე, სიმეონე, რასპადორი და კვარაცხელია. ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, რათა ხელახლა აღმოვაჩინოთ მათი დონის მოთამაშეები, მათი პრესტიჟით დაწყებული და მოედანზე თავდაჯერებულობით დასრულებული. ჩვენ გადავდგით ზუსტი ნაბიჯები, რათა დავიმატოთ იგივე მახასიათებლების მქონე მოთამაშეები, რომლებიც უფრო მოტივირებულნი არიან“.