„ნაპოლიმ“ და კვარაცხელიამ ქულები პირველად დაკარგეს #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ და კვარაცხელიამ ქულები პირველად დაკარგეს #1TVSPORT

იტალიის სერია ა-ს მესამე ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ „ფიორენტინას“ წინააღმდეგ ითამაშა და სეზონში ქულები პირველად დაკარგა – 0:0.

„არტემიო ფრანკი სტადიოზე“ გამართულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ „ფიორენტინას“ ბრაზილიელი მცველი დოდო მის წინააღმდეგ პერსონალურად თამაშობდა და პირველ ნახევარში ქართველს, ფაქტობრივად, გასაქანი არ მისცა. ერთ ეპიზოდში ხვიჩასკენ ფლანგიდან გადაცემა მიდიოდა, მაგრამ დოდომ საიმედოდ ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმში ხვიჩამ თამაში გაამწვავა – მან საჯარიმოში ირვინგ ლოსანოს კარის წინ ბურთი თავზე დაასვა. ეს მატჩის ყველაზე რეალური საგოლე მომენტი იყო, მაგრამ მექსიკელმა შემტევმა ახლოდან შესანიშნავი საგოლე შანსით ვერ ისარგებლა.

61-ე წუთზე ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელია შეცვალა და ქართველმა თავდამსხმელმა ახალ გუნდში პირველად დატოვა მოედანი ისე, რომ არც გოლი გაუტანია და საგოლე გადაცემაც არ გაუკეთებია.

საბოლოოდ ,ეს დაპირისპირება 0:0 დასრულდა და „ნაპოლი“ 3 ტურის შემდეგ 7 ქულით პირველ ადგილს კიდევ ხუთ გუნდთან ერთად იყოფს.