სოზარ სუბარმა ქვემო ქართლში ახალი გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი წარადგინა
სოზარ სუბარმა ქვემო ქართლში ახალი გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი წარადგინა

ქვემო ქართლის ახალი გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი რეგიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა წარუდგინა.

გუბერნატორმა წარდგენაზე საუბრისას ქვემო ქართლის ეკონომიკურ განვითარებაზე, პროექტების მასშტაბებისა და ეფექტიანობის გაზრდაზე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მეტ ინტეგრაციაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში იქნება.

„თვითმმართველობებთან ერთად დავეხმარები მათ ადგილობრივი პრობლემების სწრაფ გადაჭრაში. ადგილობრივი პროექტები ინტენსიურად ვითარდება. მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება, რათა ხალხმა ყოველდღიურად იგრძნოს პროგრესი და დადებითი ცვლილებები“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

მისი თქმით, რეგიონში ეკონომიკის განვითარებისთვის ყველა შესაძლებლობა არსებობს.

„ვიმუშავებთ ეკონომიკური განვითარების, რეგიონული პოლიტიკის კუთხით.დავეხმარებით თვითმმართველობებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში. რეგიონში არის ეთნიკური, რელიგიური, კულტურული მრავალფეროვნება. კარგია, მაგრამ გვაკლია მოსახლეობის ნაწილთან კომუნიკაცია სახელმწიფო ენის არ ცოდნის გამო. მეტი შესაძლებლობები უნდა მიეცეთ მათ ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა გუბერნატორმა.

შოთა რეხვიაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. ახალი გუბერატორები საქართველოს შვიდ რეგიონს ჰყავს.