სოზარ სუბარი - ზურაბ ჯაფარიძე სახელმწიფოს პრობლემას ვერ შეუქმნის, ხოლო სადაც კანონს დაარღვევს, მიიღებს შესაბამის პასუხს
ზურაბ ჯაფარიძე სახელმწიფოს პრობლემას ვერ შეუქმნის, ხოლო სადაც კანონს დაარღვევს, მიიღებს შესაბამის პასუხს, – ასეთ კომენტარს აკეთებს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დღევანდელ აქციებზე, რომლის ფარგლებშიც პარტიის წარმომადგენლებმა თბილისსა და საქართველოს მსხვილ ქალაქებში სუს-ის შენობების შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს.
„გირჩის“ ლიდერმა პირდაპირ თქვა მკაფიოდ და არაერთხელ, რომ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არ აქვს, რადგან არჩევნებს ვერასოდეს ვერ მოიგებს და ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევს. მისი მაქსიმალური შედეგი, რასაც მიაღწია, ეს იყო საპარლამენტო არჩევნებზე. მან თქვა, რომ შეგნებულად დაარღვევს კანონს და ეცდება, სახელმწიფოს პრობლემა შეუქმნას. ზურაბ ჯაფარიძე სახელმწიფოს პრობლემას ვერ შეუქმნის, ხოლო სადაც კანონს დაარღვევს, მიიღებს შესაბამის პასუხს, კანონით გათვალისწინებულს.
ერთადერთი, ზურაბ ჯაფარიძეს შეუძლია, ამ პერფორმანსებით იყოს დღის ეთერების გმირი, თუმცა ეს ყველაფერი დროებითია. ქვეყანა მიდის თავისი გზით და ამის დასტურია ის, რომ ეკონომიკის 10-პროცენტიან ზრდას ველოდებით. ხალხი ამ შოუს, როგორც ფილმს, შეხედავს, მაგრამ მათ არ აქვთ მხარდაჭერა. თუ პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, უკეთესი აირჩიონ და თავისი ნიშა იპოვონ, ამომრჩეველს თავისი პროგრამები კონსტრუქციულად როგორ მოაწონონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარდაჭერა არ ექნებათ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.