სოზარ სუბარი - ვენეციის კომისიის დასკვნაა, რომ მიზნებია ლეგიტიმური, ზომები - ზედმეტად მკაცრი და მოხდება არა კანონპროექტის გაწვევა, არამედ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა
სოზარ სუბარი - ვენეციის კომისიის დასკვნაა, რომ მიზნებია ლეგიტიმური, ზომები - ზედმეტად მკაცრი და მოხდება არა კანონპროექტის გაწვევა, არამედ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პარტიების დაფინანსებასა და რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით კანონპროექტის გაწვევა არ მოხდება, არამედ იმის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა იგეგმება, რასაც ვენეციის კომისია ზედმეტად მკაცრ ზომებად აფასებს.

როგორც ჟურნალისტებს სუბარმა განუცხადა, ვენეციის კომისიაში კანონპროექტი იმიტომ გაიგზავნა, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი იყო მათი დასკვნა.

„თავის დროზე, მსგავს კანონპროექტზე, რომელიც სხვა შინაარსის იყო, ცოტა უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა, როცა სახალხო დამცველი ვიყავი. დღეს სრულიად სხვა სიტუაცია არის, როცა ოპოზიცია რევოლუციას აპირებს, ამ შემთხვევაში, სხვა ზომები უნდა მიიღოს ქვეყანამ. ვენეციის კომისიის დასკვნა არის შემდეგი – მიზნები არის ლეგიტიმური, მაგრამ ზომებია ზედმეტად მკაცრი. შესაბამისად, მოხდება არა კანონპროექტის გაწვევა, არამედ ზედმეტად მკაცრ ზომებად რაც მიაჩნია ვენეციის კომისიას, იმის შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან და იმ ხედვასთან, რაც მათ აქვთ.

არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართულობაზე დაწესებული 2 000-ლარიანი ჯარიმა არაღსრულებადი კი არა, საერთოდ, არაფრის მომცემია, რადგან კარგად ვიცით, რომ არჩევნებში მილიონები და ზოგიერთი პარტიისგან ათეული მილიონი იხარჯება ლეგალურად თუ არალეგალურად, ასეთ დროს 2 000-ლარიან ჯარიმაზე საუბარი სასაცილოც კი არის. შესაბამისობაში მოვა ის, რომ კანონი იყოს ლეგიტიმურიც და პროპორციულიც. ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ ლეგიტიმურია, პროპორციული უნდა იყოს, რა იქნება, წინასწარ არ ვიტყვი, ვიმუშავებთ და საზოგადოებას ვამცნობთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, საარჩევნო კოდექსის, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა უნდა გადაიხედოს.