სოზარ სუბარი - შეუძლებელია, არჩევნები იმდენჯერ ჩაატარო, რამდენჯერაც ვიღაცას არ მოეწონება შედეგი
სოზარ სუბარი - შეუძლებელია, არჩევნები იმდენჯერ ჩაატარო, რამდენჯერაც ვიღაცას არ მოეწონება შედეგი

დიალოგის გაგრძელების პერსპექტივა შეიძლება, ჩიხში შევიდეს, თუ გონიერებას არ მოუხმობს ოპოზიცია, რომელიც დიალოგის გაგრძელებაზე უარს ამბობს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები იმისთვის ტარდება, რომ ხალხმა საკუთარი ნება გამოხატოს და ამ ნების შესაბამისად ხელისუფლებამ იფუნქციონიროს.

„ქუჩაში დგომა, მიტინგები, ეს ყველაფერი დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ მთავარი ღირებულებაა დემოკრატიის ის, რომ არჩევნების გზით მოსახლეობა გამოხატავს თავის ნებას, ვინ რა პროცენტით მართოს ხელისუფლება. ეს არის მთავარი მანდატი, რაც ხალხმა მოგვცა. დიალოგი არც ერთი წუთი არ დაგვიტოვებია, მათ პარლამენტში შემოსვლისკენ მოვუწოდებთ. რა მანდატიც ხალხმა მოგვცა, იმის გადახედვა არ მოხდება, თუ გაყალბებული არ არის, თუ გაყალბებულია, ვამბობთ, დავთვალოთ, გამოვიძიოთ და რეაგირება მოვახდინოთ. პოლიტიკური პროცესი ჩიხში ვერ შევა, რადგან ცხოვრება გრძელდება და ქვეყანა ვითარდება. დიალოგის გაგრძელების პერსპექტივა შეიძლება, შევიდეს ჩიხში, თუ გონიერებას არ მოუხმობს ის მხარე, რომელიც დიალოგის გაგრძელებაზე უარს ამბობ. ეს მხარე ამ შემთხვევაში არის ოპოზიცია“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, შეუძლებელია, არჩევნები იმდენჯერ ჩაატარო, რამდენჯერაც ვიღაცას არ მოეწონება შედეგი.

„ბურთი არის ოპოზიციის მხარეს, ჩვენ ისევ მზად ვართ. შეუძლებელია, არჩევნები იმდენჯერ ჩაატარო, რამდენჯერაც ვიღაცას არ მოეწონება შედეგი. ან პარლამენტში შემოვიდნენ, ან მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ რეალური წინადადებებით. ვადამდელი არჩევნები და სამართლის არაღსრულება ვერ იქნება მოლაპარაკებების საგანი“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.